KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა

24 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU π-DAY MATH CONTEST მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 5 გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდოები. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, აგრეთვე, მიიღეს KIU-ში სწავლისა და კამპუსში ცხოვრების დაფინანსებაც.

ამავე ღონისძიებაზე გაიმართა გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება. თითოეული სკოლიდან მონაწილე მოსწავლეების ჯამური ქულის გათვალისწინებით, გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი, სკოლის ადმინისტრაცია, პროფესორები, სტუდენტები.

“დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსში ჩართულნი იყვნენ საქართველოსა და უცხოეთის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები. ამოცანები შედგენილი იყო ჩვენი სტუდენტების მიერ. მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ამოცანებს, დღეს ისინი უნივერსიტეტში არიან და ვაჯილდოვებთ“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

მათემატიკის კონკურსი უფროსკლასელთათვის 14 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოსა და გერმანიის საჯარო და კერძო სკოლების 270 მოსწავლე.

„ეს კონკურსი პირველად ჩატარდა, აღსანიშნავია რომ, მასში მონაწილეობა ბევრმა მოსწავლემ მიიღო. კონკურსი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ამოცანები შეადგინეს და გაასწორეს ჩვენმა სტუდენტებმა. მოგეხსენებათ რომ, ჩვენ გვყავს პირველკურსელები, პირველი კურსის მეორე სემესტრში კი, მათ შორის უკვე არიან ისეთი სტუდენტები, რომელთაც მსგავსი ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია რომ, გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ უნივერსიტეტში სწავლის და კამპუსში ცხოვრების დაფინანსებას. KIU-ში ჩაბარების შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და თავად იყვნენ ამოცანების ავტორები და გამსწორებლები“, - განაცხადა KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა.

გამარჯვებული მოსწავლეები გახლავთ:

1. მაჭარაშვილი აკაკი - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;

2. გოგალაძე სანდრო - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;

3. ფანქველაშვილი ნიკოლოზი - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;

4. ონიანი ალექსანდრე - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;

5. შონია თამარი - N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.