მაისში სესხები გაძვირდა - როგორია საპროცენტო განაკვეთები ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,4%-დან 14,8%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, აპრილის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,8%-ს, ხოლო მაისში უკვე 18,4%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 12,2%-დან 12,4%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქაც ზრდაა, თუმცა მინიმალური და ისიც იურიდული პირების ხარჯზე. კერძოდ, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 6,5%-დან (აპრილი) 6,6%-მდე (მაისი) გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,5%-დან 6,9%-მდე გაიზარდა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 6,2%-დან 5,5%-მდე შემცირდა.