Panasonic-მა Tesla-ში წილი გაყიდა

იაპონურმა კომპანია Panasonic-მა ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში თავისი წილი 400 მლრდ იენად (3,61 მლრდ დოლარად) გაყიდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ის ტოკიოს ბიურო ავრცელებს.

ველოსიპედებიდან დაწყებული თმის საშრობებით დამთავრებული, საყოფაცხოვრებო ნივთების მწარმეობელი კონგლომერატი Panasonic ცდილობს, შეამციროს Tesla-ზე დამოკიდებულება და ფული ინვესტიციების გაზრდისთვის შეაგროვოს,“ - წერს სააგენტო.

Panasonic-ის ბატარეების ბიზნესში ილონ მასკის Tesla დომინირებს, მაგრამ ამ ორ კომპანიას ვაჭრობის სფეროში ზოგჯერ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2010 წელს Panasonic-მა Tesla-ს 1,4 მლნ აქცია, თითო 21,15 დოლარად იყიდა და მთლიანობაში, დაახლოებით 30 მლნ დოლარი გადაიხადა. 2020 წლის მარტის ბოლოს მისი წილის ღირებულება 730 მლნ დოლარი გახდა. მას შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი თითქმის შვიდჯერ გაიზარდა და გუშინ 3.5%-ით, 679,82 დოლარამდე გაზრდილი ფასით დაიხურა.

„კრიპტოაქტივების გავლენის შედეგად Tesla-ს აქციის ფასმა თავის შინაგან ღირებულებას გადააჭარბა, რაც მისი გაყიდვისთვის მართლაც ხელსაყრელი დროა,” - აცხადებს Ace Research Institute-ის ანალიტიკოსი ჰიდეკი იასუდა.

მისი თქმით, Panasonic-მა თავის დროზე Tesla-ს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, როდესაც ის „პატარა იყო,“ ხოლო ავტომწარმოებლის გაფართოების შემდეგ ორი კომპანიის კაპიტალური კავშირი საჭირო აღარაა. დღეს Panasonic-ის აქციები 4.2%-ით გაძვირდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წილის გაყიდვა გავლენას არ მოახდენს Tesla-სთან პარტნიორობაზე და ეს მოხდა იმიტომ, რომ ავტომწარმოებელი ბატარეების მიწოდების საკუთარი ჯაჭვის დივერსიფიკაციას ცდილობს. Tesla-მ სამხრეთ კორეის LG Energy Solution-თან და ჩინეთის CATL-თან ხელშეკრულება დადო. ეს უკანასკნელი, Reuters-ის ცნობით, შანხაიში, ავტომწარმოებლის ბაზის მახლობლად ბატარეების ქარხნის აშენებას გეგმავს.

წლის დასაწყისში Panasonic-მა განცხადება გაავრცელა, რომ აშშ-ს მომარაგების ჯაჭვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Blue Yonder-ის აქციებს 7,1 მლრდ დოლარად შეიძენს. თუმცა ჯერჯერობით Panasonic მას არ ფლობს. ეს ბოლო ათწლეულში კომპანიის ყველაზე დიდი გარიგება იქნება. ამ ფასმა ანალიტიკოსები გააკვირვა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ Panasonic-ს „შერწყმა-შთანთქვის,“ M&A პროცესში მყიფე გამოცდილება აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ