რუსეთი მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადს ისევ ზრდის

30 ივნისიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 41,3 დოლარი იქნება. ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ეს უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი კვირით ადრე, როდესაც საექსპორტო გადასახადი ტონაზე 33.3 დოლარს შეადგენდა.

ქერის ექსპორტზე გადასახადი უცვლელი რჩება და ტონაზე 39,6 დოლარი იქნება, სიმინდზე კი 50,2 დოლარიდან ოდნავ მოიმატებს და 50,5 აშშ დოლარი გახდება.

ახალი ტარიფები ძალაში მთელი კვირის განმავლობაში იქნება და გამოთვლილია მარცვლეულის საექსპორტო ინდიკატორული ფასებიდან. ტონა ხორბლის საორიენტაციო ფასი 259,1 დოლარია, რაც წინა კვირის 254, 5 დოლარზე მეტია. ტონა ქერის ფასი უცვლელი დარჩა და 241,7 დოლარია. სიმინდი, გასულ კვირასთან შედარებით, ოდნავ გაძვირდა და მისი ფასი ტონაზე 256,8-დან 257,2 დოლარადე გაიზარდა.

2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერული მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს ითვალიწინებს, ამოღებული თანხა კი სოფლის მეურნეობაში მწარმოებლების სუბსიდირებისთვის დაბრუნდება. მოსაკრებლების გამოანგარიშება ხდება ყოველკვირეულად ფასის ინდიკატორების საფუძველზე, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებზეა დაფუძნებული.

ახალი მექანიზმის შემოღებამდე ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 50 ევრო იყო, სიმინდის - 25 ევრო, ქერის კი - 10 ევრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წელს, რომელიც 30 ივნისს დასრულდება, მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა 48 მილიონი ტონა იქნება, წინა წელს კი 43.1 მილიონი ტონა იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ