კამპანიის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ასე ერქვა „ლურჯი ოკეანის“ კამპანიას, რომელმაც პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა გაზარდა.

მკითხველს შეეძლო შეეძინა ბრაიან თრეისის ბესტსელერი „შეჭამე ბაყაყი“ იმ ფასად, რამდენიც სამართლიანად მიაჩნდა. აუცილებელი იყო ქვითრების შენახვა, რადგან მათი მეშვეობით უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებულები.

კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთაც სასიამოვნო პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა „ბიბლუსის“ ახალ ფილიალში (ჭავჭავაძის #2).

აღსანიშნავია, რომ კამპანიით უამრავი ადამიანი დაინტერესდა და შეთავაზების პერიოდში, პროფესიული ლიტერატურისთვის განკუთვნილი „ბიბლუსის“ თაროებთან რიგები არ წყდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ დაინტერესებული პირების ნაწილმა ბესტსელერში თვითღირებულებაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი გადაიხადა, რითიც მათი თქმით, წიგნის შინაარსი დააფასეს.

გამოვლენილი გამარჯვებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის „პალტრა L”-სა და „ლურჯი ოკეანის“ აქცია ძალიან საინტერესო იყო და მან წიგნის ხელმისაწვდომობას შეუწყო ხელი:

გიორგი თვალიაშვილი: „გადაიხადე რამდენიც გინდა ძალიან საინტერესო აქციაა, რადგან „შეჭამე ბაყაყი“ ბევრმა ჩემმა ნაცნობმა შეიძინა სიმბოლურ ფასად. რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, გადავწყვიტე, წიგნში გადამეხადა იმაზე მეტი, ვიდრე ის ღირდა და ამით მე ის მეტად დამეფასებინა. წიგნში საუბარია გამოწვევებზე და მათი დაძლევის ხერხებზე, რისი ცოდნაც ვფიქრობ ნამდვილად საჭიროა.

bichi12-1624616335.jpg

პირველად წავიკითხე ბრაიან თრეისის „აკოცე ბაყაყს“, შემდეგ - „შეჭამე ბაყაყი“. ორივეს შემთხვევაში ვფიქრობდი იმას, რომ ეს წიგნები ავტორს რომ არ დაეწერა, ალბათ მე დავწერდი, რადგან პოზიტიური მიდგომა, პოზიტიური აზროვნება და ბრაიან თრეისის დამოკიდებულება მთელი რიგი საკითხების მიმართ ჩემთვის ძალიან ახლოა“.

თამარ კორახაშვილი: „ძალიან საინტერესო პროექტია. კარგია, რომ ყველა მკითხველს ეძლევა საშუალება, გადაიხადოს იმდენი, რამდენიც შეუძლია და მიიღოს წიგნი. წამოწყება იმდენად მომეწონა, რომ ჩემს თანამშრომლებსაც ვურჩიე, მონაწილეობა მიეღოთ. მიხარია, რომ გამარჯვებულებს შორის მოვხვდი და პროექტს წარმატებას ვუსურვებ“.

gogo12-1624616368.jpg

აღსანიშნავია, რომ „ლურჯი ოკეანე“ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ლიტერატურის თარგმნასა და მის გავრცელებას ემსახურება. პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება და ბევრს ადამიანს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ეხმარება.