"წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია"

ბოლო ერთ წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისი.

„მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. საანგარიშო პერიოდის ვრცელი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ გამოგიგზავნეთ. კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში.

პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები. სახელმწიფომ, სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით, მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს.

დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი. ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა - მილიარდ სამასი მილიონი ლარი შადგინა. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებთ, რომ აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვითარდება სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება.

„საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ-მდე. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით უკვე შეამცირა. აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82 %. საპილოტე რეჟიმში უკვე ხორციელდება გადაზიდვები. შეგახსენებთ, ჩვენ დავიწყეთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.