ეკონომიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის აუცილებელია რეგიონების განვითარება და ადგილებზე ახალი სამუშაოების შექმნა. ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში დასაფინანსებლად 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა, ამასთან, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 2012 წლის მაჩვენებლებს 84.5%-ით აღემატება.
“გეგმაზომიერად ვახორციელებთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით გაიზარდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მაგალითისთვის - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.
ეტაპობრივად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს გარემოსდაცვით სფეროში. ახალი ტყის კოდექსი უზრუნველყოფს ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებულ მართვას და ტყეების დაცვას. ბოლო წლებში, რეკორდულად, 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის ქვეყნის 12%-ს ფარავს. დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა არაერთმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა და სამუშაოებმა გააჩინა ახალი მიზიდულობის ცენტრები, შექმნა ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.