IDFI - ცალკეულ უწყებებში სარესტორნო მომსახურების ხარჯები გაწეულია ისეთ პერიოდში, როცა კვების ობიექტებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე პანდემიის გამო დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში 2019-2020 წლებში წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა წარმომადგენლობითი ხარჯები - 4,348,925 ლარიდან 1,198,429 ლარამადე. მათი განმარტებით, 75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით ექვსჯერ შემცირდა სამივლინებო ხარჯები - 1,890,575 ლარიდან 298,982 ლარამდე.

კვლევის თანახმად, ცალკეულ უწყებებში სარესტორნო მომსახურების ხარჯები გაწეულია ისეთ პერიოდში, როდესაც კვების ობიექტებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე პანდემიის გამო დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 20 ადამიანს გაუმასპინძლდა შპს „დეკორეტოში“.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, 2019 წელს, 19,256 ლარი დახარჯა ა(ა)იპ ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის'' მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, 2019 წელს 11-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში 63 დღე, რაც სააგენტოს 54,202 ლარი დაუჯდა, მათ შორის იყო 4 დღიანი მივლინება მოსკოვის მიმართულებით, რომლის მიზნობრიობა უცნობია.

2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ 4,500 ლარამდე სარესტორნო ხარჯი გასწია. აქედან 1,876 მოხმარდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებულ სადილს, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა“,-აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მეტწილად უკავშირდება პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და მსოფლიო მასშტაბით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

„აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები დაფიქსირდა ისეთ პერიოდებში, როდესაც უკვე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები საკვებ ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე.

საყურადღებოა ის უწყებებიც, რომლებიც არ პასუხობენ ან არასრულად პასუხობენ წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას. ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს, და აჩენს არასათანადო ხარჯვითი პოლიტიკის ეჭვებს. IDFI მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ისეთი უწყებების ბიუროკრატიული ხარჯების (მათ შორის წარმომადგენლობითი ხარჯების) მონიტორინგს, რომლებიც გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით, მათ შორის წინამდებარე კვლევაში დასახელებული ის უწყებები რომლებიც არ გასცემენ სრულყოფილ ინფორმაციას.

ამასთან, მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და ოპტიმიზაცია, ასეთ ხარჯებს განეკუთვნება სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებიც. კერძოდ, გასული წლის მანძილზე ქვეყნის მიერ მიღებული ეკონომიკური ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, მოქმედი შეზღუდვების გაუქმების და შემსუბუქების პარალელურად, პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიზანშეწონილი იქნება წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.