საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ფოთში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის ევროკავშირის ძალისხმევას ხაზი გაუსვა

დასავლეთ საქართველოში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ელჩი ესტუმრა ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს და შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და მეზღვაურებს. მან დამსწრეთ მიმართა სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს დასაქმების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საზღვაო სატრანსპორტო სისტემის დანერგვაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო კვანძად. „ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო!ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ფოთის საზღვაო აკადემიაში ვიმყოფები.

არც ისე დიდი ხნის წინ, მე მოვინახულე ბათუმის საზღვაო აკადემია. დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ აქ, ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე ვიმყოფები და შემიძლია მთელი გულით მოგილოცოთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე!

ვაფასებ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თქვენს მნიშვნელოვან როლს, ზღვაში თქვენს საქმიანობას და აგრეთვე იმ წვლილს, რომელიც თქვენ საკუთარი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსა და იმიჯის შექმნაში შეგაქვთ.

საზღვაო სექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის, ვინაიდან ჩვენი კონტინენტის დიდ ნაწილი ოკეანეებით არის გარშემორტყმული.

შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავი ზღვით სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება პრიორიტეტად დასახა. ეს არის პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელსაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს აზიისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი.

სწორედ ამის გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მდგრად, წესებზე დამყარებულ და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო კავშირებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე.

ევროკავშირის ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გრანტებით აშენდა - ან შენდება - აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის 156 კმ სიგრძის მონაკვეთი.

წელს, ევროკავშირმა საქართველოს რკინიგზასთან ერთად დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რკინიგზის სექტორის უსაფრთხოების, საოპერაციო თავსებადობის, ორგანიზებისა და რეგულირების გაძლიერებას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო კვანძის, მიმზიდველობას.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და მთავრობასთან იმისათვის, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს.

ჩვენი ექსპერტების დახმარებით, ამ სფეროში ევროკავშირის ბევრი საკანონმდებლო აქტის გადმოღებამ ხელი შეუწყო საზღვაო სექტორში უსაფრთხოების, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები მსოფლიოში უკვე აღიარებულია, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, სამუშაო პირობები უფრო უსაფრთხო, ხოლო საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. საზღვაო სექტორში მომუშავე ყველა ადამიანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

თუმცა, ჩვენ აქ არ გავჩერდებით. გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებმა, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, მოამზადეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც საზღვაო სექტორის წამყვან მიმართულებებში განსაზღვრავს სტრატეგიული განვითარებისა და ზრდის მიზნებს აღიშნული დარგის გაძლიერებისა და მომავალი გამოწვევებისათვის მისი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეგულარული სატვირთო საბორნე კავშირების განვითარებაზე. ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ - მსოფლიო ბანკთან ერთად - ჩვენ მოვამზადეთ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე მდებარეობენ.

ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო, ჩვენი საერთო მიზნების მიმოხილვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის.

გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. იცურეთ და საქართველო ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანეთ!“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. (გადაამოწმეთ გამოსვლის ტექსტთან, check against delivery) „წელს მთელი მსოფლიო და საქართველო მეათედ აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. დროის ამ მოკლე პერიოდში საქართველოს საზღვაო სექტორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდა. ჩვენი მეზღვაურები წარმატებით მუშაობენ ევროპის ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება და ჩვენი მეზღვაურების მხარდაჭერა პანდემიის პირობებშიც შევძელით. საზღვაო სექტორის განვითარების საფუძველს განათლება და დარგში მეტი პროფესიონალის არსებობა წარმოადგენს. შესაბამისად, პანდემიის მიუხედავად, საზღვაო საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა, რაც საპორტო სექტორში პროფესიონალების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველო მუდმივად ავითარებს საზღვაო სექტორის ყველა სფეროს, რაც კარგად ჩანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის დახმარებით. წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობამ გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგები, რამაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოვა.

ჩვენ ასევე მიზნად ვისახავთ ჩვენი მეზღვაურებისათვის თანასწორი და სამართლიანი მომავლის შექმნას, კერძოდ, მათ უზრუნველყოფას სამართლიანი სამუშაო პირობებითა და თანასწორი შესაძლებლობებით. ვულოცავ საქართველოს მეზღვაურებს მათ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ მათ ზურგის ქარს და უსაფრთხო ნაოსნობას!” – განაცხადა თამარ იოსელიანმა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.