მამუკა ხაზარაძე პრემიერს - მაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ 10 წლის გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული

მაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ 10 წლის გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული, მაშინ როდესაც თქვენს გუნდს ბოლო 9 წლის განმავლობაში წარმატებისთვის არ მიუღწევია, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მამუკა ხაზარაძის კითხვები ასევე შეეხებოდა კოვიდპანდემიის მართვას. ხაზარაძის შეფასებით, ამ კუთხით ქვეყანაში „სრული კოლაფსია“. ის ასევე დაინტერესდა, რა მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში შეიძლება დატოვოს თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„შევთანხმდეთ წარმატების განსაზღვრებაზე - რა არის თქვენთვის წარმატება და რა არის ქვეყნის წარმატება. შესაძლოა, თქვენ რაღაც მიიჩნიოთ წარმატებად, მაგრამ ის საერთაშორისო მასშტაბით დიდი წარუმატებლობა იყოს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ პანდემიის მართვა არის სრული კოლაფსი საქართველოში და ის სამინისტრო, რომელიც ამას ხელმძღვანელობს, ასრულებს თავის მოვალეობას თუნდაც საშუალო დონეზე? ბატონო პრემიერო, თქვენ მანამდეც იყავით პრემიერი და ვნახეთ როგორ წახვედით ამ თანამდებობიდან, თუმცა საზოგადოებამ ვერ გაიგო მიზეზი, რა მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში გადადგებით თქვენ და რას პირდებით ქვეყანას, რომ თუ ეს არ შესრულდება, დავტოვებ თანამდებობასო“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.