კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით 616.81 მლნ ლარით შემცირდა და 1-ელი ივნისისათვის 39.53 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 616.81 მლნ ლარით (1.54%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 39.53 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.38 მლნ ლარით (1.76%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 928.19 მლნ ლარით (4.14%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.68%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.73 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.50%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.99%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.84%-ით მეტი).

2021 წლის მაისის განმავლობაში 0.51%-ით, ანუ 100.51 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 19.57 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.63 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას, ეროვნული ბანკის მიერ გვრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის პირველი ივნისისათვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 208.42 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.53%-ით მეტი).

„მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 48.25 მლნ ლარით, ანუ 0.29%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.75%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 160.16 მლნ ლარით, ანუ 0.85%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.33%-ით)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 39.29 პროცენტი შეადგინა.

„პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.00 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით).

მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა 14.58% შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.