„კადრების პრობლემა არ შეგვქმნია, რადგან  პანდემიის დროს თანამშრომლები სრულად შევინარჩუნეთ“ - Schuchmann Wines Château

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტურიზმის სექტორი მუშახელის სიმცირეს განიცდის, ეს პრობლემა არ აქვს სასტუმროს Schuchmann Wines Château-ს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, შატოს მფლობელი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, ამის მიზეზი ლოკდაუნების დროს კადრების სრულად შენარჩუნება გახდა.

,,წლევანდელი სეზონი დაიწყო ადგილობრივი ვიზიტორებით. გარკვეულწილად შიდა ტურიზმმა დააკომპენსირა ჩაკეტილი საზღვრების პრობლემა. არა მხოლოდ შუხმანის შატოს, ზოგადად კახეთს ძირითადად შიდა ვიზიტორების სტუმრობდნენ, თუმცა ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება და ჩამოდიან უცხოელი დამსვენებლებიც. ფრენების აღდგენის ტემპის ზრდასთან ერთად, იზრდება მათი რაოდენობაც. 50% ვაქცინირებულია, 50% ტესტის საფუძველზე.

რა თქმა უნდა, 2019 წელთან შედარებით, სტუმრების რაოდენობა შემცირებულია. ძირითადად ქართველი მომხმარებელი მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდის. გარდა ამისა, ჩვენი მსყიდველუნარიანობა მკვეთრად განსხვავდება და მკვეთრად დაბალია“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

ტურისტულ სექტორში აღდგენის დაწყების შემდეგ, კადრების პრობლემა დადგა. ნუცა აბრამიშვილის თქმით, ეს მათ კომპანიას არ შეხებია.

,,კადრების პრობლემა არ შეგვქმნია, რადგან პანდემიის დროს თანამშრომლები სრულად შევინარჩუნეთ. ახლა, მთავარია მოხდეს ვაქცინაციის დაჩქარება ჩვენი სექტორისათვის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ აიცრას პერსონალი ტურიზმის სექტორში“- აცხადებს აბრამიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი