რა ეღირება მაყვალი და როგორ მოსავალს ელოდებიან ფერმერები წელს

საქართველოში მაყვლის სეზონი რამდენიმე კვირაში იწყება, მაგრამ ბაზარზე ამ კენკრის ადრეული ჯიშები უკვე გამოჩნდა.

„მაყვალზე უკვე დიდი მოთხოვნაა, რასაც მომარაგების პროცესი ჩამორჩება, ამიტომ ფასები მაღალია, მაგრამ მაღალი ფასები დროებითია, რადგან მთავარი სეზონის ანუ ივლისის დადგომასთან ერთად, მარაგი მკვეთრად გაიზრდება და ფასები დაეცემა,“ - წერს EastFruit.

საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელს აქვს შესაძლებლობა, მოიყვანოს ადრეული მაყვალი და ეს კენკრა მაღალ ფასად გაყიდოს. ფერმერები ადრეულ მაყვალს სათბურებში ზრდიან, თუმცა გარკვეული ადრეული ჯიშები გარე გრუნტზეც მოყავთ, პირველ მოსავალს კი მაისში ყიდიან. მაისში მაყვალი ყველაზე მაღალ ფასად, კილოგრამი 20 ლარად (5,92 აშშ დოლარად) იყიდება, თუმცა ივნისის შემდეგ ფასები კგ-ზე 15 ლარამდე (4,9 დოლარამდე) ეცემა. წელს კახეთში მოსულმა სეტყვამ ფერმერების ბაღები დააზიანა და კენკრის ხარისხიც გააუარესა, ამიტომ ადრეული ჯიშის მაყვლის ამჟამინდელი ფასი კგ-ზე 5 ლარია (1.58 დოლარია).

მართალია, ადრეული ჯიშები უფრო მომგებიანია, მაგრამ, EastFruit-ის შეფასებით, ფერმერები საქართველოს კლიმატისთვის შესაფერის მაყვლის ნერგებზე პროფესიული რჩევებსა და ინფორმაციას მოკლებული არიან. ქართულ ბაღებში ძირითადად მაყვლის ორი ჯიშია გაშენებული - Triple Crown და Chester. ისინი ადრეული ჯიშები არ არიან, ამიტომ მოსავლის აღების სეზონი ივლისში იწყება. მთავარი სეზონის დაწყებამდე ქართველი ფერმერები ცდილობენ, წინასწარ მოიძონ სავაჭრო პარტნიორები, რადგან გასულ წელს, როდესაც მოსავლიანობამ პიკს მიაღწია, ბაზარზე ჭარბი მარაგის გამო ფასები დავარდა.

საქართველოს კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია ყველა რეგიონიდან 80 ფერმერს აერთიანებს. EastFruit-ის ინფორმაციით, ასოციაცია ხილის გადამამუშავებელ ადგილობრივ კომპანიებთან და ექსპორტიორებთან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობს, რათა ფერმერებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმაროს.

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე მეტი მაყვალი გაიყიდება. საექსპორტო ძირითადი მიმართულებები რუსეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნებია. საქართველოში კენკრის წარმოების ამჟამინდელი მდგომარეობის შესაფასებლად, ასოციაციამ კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ კენკრის 150 მწარმოებლიდან 30-მა ბაზარი დატოვა ან ბაღს აღარ უვლის.

ამის მიუხედავად, ასოციაციაში პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე სეზონზე მაყვლის მიწოდება გაიზრდება. მხოლოდ კახეთში წელს, მინიმუმ 170 ტონა მაყვალს ელოდებიან, რაც, გასულ სეზონთან შედარებით, დაახლოებით 70%-ით მეტია. მთავარი ფაქტორები ახალი ბაღების განაყოფიერება და ძველ ბაღებში მოსავლიანობის ზრდაა.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, 2020 წლის სეზონზე, ივნისში მაყვლის ფასი კგ-ზე 15 ლარით (4,93 აშშ დოლარით) დაიწყო და აგვისტოში 2 ლარამდე (0,65 დოლარამდე) დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ