თავის მოვლის ნატურალური საშუალებები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება - პანდემიის მიუხედავად, „საპოვნელა“ პროდუქტების ჩამონათვალს ზრდის

ნატურალური თავის მოვლის საშუალებებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. როგორც "საპოვნელას" დამფუძნებელი რუსუდან კბილაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ კომპანიის მუშაობაზე ნეგატიური გავლენა იქონია, მოხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალ პროდუქტებზე მუშაობა გრძელდება. ამ დროისთვის "საპოვნელა" უკვე 70-მდე დასახელების თავის მოვლის საშუალებას აერთიანებს.

როგორც რუსუდან კბილაშვილი განმარტავს, ცნობადობის ამაღლების წყალობით, მომხმარებელმა მავნე და ნატურალური პროდუქტების გარჩევა ისწავლა. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, ადგილობრივი რეალიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა.

ცნობისთვის, „საპოვნელა“ ლეჩხუმში შექმნილი კოოპერატივის ტიპის თხის ფერმის პარალელურად განვითარდა. ბრენდის დამფუძნებელი, სწორედ "გვესოს ფერმის" ერთ-ერთი მეპაიეა. როგორც რუსუდან კბილაშვილი ამბობს, პროექტზე მუშაობისას, იდეა მსოფლიოში განვითარებული ფერმების შესახებ მიღებულმა ინფორმაციამ გაუჩინა.

თხის რძე, ჭარხალი, ნახშირი, ენდრო, კოსმეტიკური თიხა - ეს იმ პროდუქტების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც „საპოვნელა“ თავის მოვლის საშუალებების შესაქმნელად იყენებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ეს არის 100%-ით ნატურალური პროდუქტი, რომელიც ვიტრაჟული ტიპის სახლში, ხელით მზადდება.

„საპოვნელას“ ახალი პროდუქტები დავამატეთ და ამ დროისთვის უკვე, დაახლებით, 70-მდე სახეობა გვაქვს. თუმცა, პანდემიის გავლენა აქ უფრო იგრძნობოდა, ვიდრე, „გვესოს ფერმის“ შემთხვევაში. მოგვიწია მაღაზიის დაკეტვა, გარკვეული პერიოდი ონლაინ გაყიდვებიც შეზღუდული იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, როდესაც შესუსტდა რეგულაციები, მოთხოვნა გაიზარდა და გამოცოცხლდა ბიზნესი.

რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, დავამატეთ, წარბის ფიქსატორი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. გარდა ამისა, დავიწყეთ ავტორუჯის წარმოება, რაც მანამდე არ გვქონდა. ეს არის ტანის კარაქი, რომელიც კანს ატენიანებს და თან აძლევს შეფერილობას. მომენტალურად ხდება რუჯის მიღება და ძალიან აქტუალური პროდუქტი გახდა. ასევე, წარბის და წამწამების მკვებავი ზეთი და აშ.

ყველაზე პოზიტიური ცვლილება, რაც ამ პერიოდში შევამჩნიეთ, არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენთან ყიდულობს სასაჩუქრე ნაკრებებს. ეს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად ძალიან გვახარებს. იმიტომ, რომ თუ ადრე მხოლოდ თავისთვის ყიდულობდნენ, ახლა ე.ი ამ პროდუქტების მიმართ ნდობა იმდენად მაღალია, იციან, სხვებსაც მოეწონებათ.

ამასთან, ზოგადად ნატურალური პროდუქტების შესახებ ცნობადობაც ძალიან ამაღლდა და პარალელურად, გაიზარდა მოთხოვნა. უკვე იციან, რომ ბაზარზე არის ბევრი მავნებელი საშუალებები, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება“,- ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

რაც შეეხება „საპოვნელას" პროდუქტების ღირებულებას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ლარის გაცვლითი კურსის გამო, ფასების შენარჩუნება ძალიან რთულია, რის გამოც საშუალოდ, 10%-ით გაიზარდა

„სამწუხაროდ, ფასების გაზრდა საშუალოდ 10%-ით მოგვიწია. დოლარის კურსიდან გამომდინარე, შესაფუთი მასალები და გარკვეული ნედლეული გაგვიძვირდა. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ლარის სტაბილურობა, რომ ფასები შევინარჩუნოთ“,- განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა.

104156378-3360431507309372-7288436345874194333-n-1624630383.jpg

ნინი ქეთელაური