ლისაბონელი კოლექციონერი ისტორიულ ტრამვაის ახალ სიცოცხლეს ანიჭებს

ლისაბონის ე.წ. საფირმო ნიშანი ყვითელი ტრამვაებია, რომლებიც საუკუნეზე მეტია, ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებში ხმაურით მოძრაობენ. Reuters-ის ადგილობრივმა ბიურომ მიაკვლია ადამიანს, რომელმაც ძველი ტრამვაების განახლებით ტრადიციის შენარჩუნების მისია აიღო თავის თავზე, რადგან დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ყვითელი ტრამვაი წყვეტს მუშაობას.

48 წლის პაულო მარკესი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საწყობში ძველ, ჟანგიან ტრამვაებს აგროვებს და რესტავრაციას უკეთებს. პირველი ასეთი ტრამვაი მან 1996 წელს შეიძინა.

”როდესაც პირველი ტრამვაი ვიყიდე, ხალხი არანაირ ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ ახლა უფრო მეტ პატივისცემას ვგრძნობ. ტრამვაი ქალაქის ე.წ. საფოსტო ბარათი გახდა,” - განუცხადა სააგენტოს მარკესმა. დღეისთვის მისი საწყობი 13 ტრამვაითა და მათი სარესტავრაციო აღჭურვილობით არის სავსე.

ტრამვაის ლისაბონელები ქალაქის ბორცვიან ქუჩებში 1901 წლიდან გადაჰყავს და დღესაც მეტად პოპულარულია. ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ტრამვაის ხშირად ვეღარ იყენებენ ყოველდღიური გადაადგილებისთვის, რადგან ტურისტებით არის სავსე, რომლებიც ყველაზე გამორჩეული მარშრუტებით მგზავრობას ცდილობენ.

„ვიდრე 1960-იანი წლებიდან ავტობუსები და მეტროპოლიტენი ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დომინირებას დაიწყებდა, 100 კმ-ზე მეტ ლიანდაგზე ასობით ტრამვაი მოძრაობდა, დღეს კი 50-მდე ისტორიული ტრამვაია დარჩენილი,“ - წერს სააგენტო.

მარკესი, რომელიც, ასევე, ფლობს ტრამვაის თემატურ რესტორანს ლისაბონის ცენტრში, ტრამვაით ბავშვობაში, სკოლაში მოგზაურობის დროს მოიხიბლა. მცირე რესურსებითა და აღჭურვილობით, ის და მისი თანამშრომლები ხშირად შიშველ ხელებს იყენებენ ტრამვაის შესაკეთებლად, რომელიც 1906 წლით თარიღდება, ხოლო მათი უახლესი შენაძენი 1961 წელს გამოშვებული ტრამვაია.

Reuters-ის შეფასებით, ტრამვაის განახლებას შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს, მაგრამ „ლოდინად ნამდვილად ღირს, როცა ხედავ, თუ როგორ მოძრაობს ისტორიული ტრამვაი მოკლე მონაკვეთის ლიანდაგზე, რომელიც მარკესმა საწყობის ეზოში დააგო.“

„არის თუ არა ტრამვაის მოყვარული, ვინც აქ მოდის, კოლექციით ყველა გაოგნებული რჩება,“ - აცხადებს მარკესი სიამაყით. მისი თქმით, საკოლექციო ტრამვაი, როგორც წესი, სტანდარტული კი არა, მცირე ზომისაა და უნიკალურია.

პაულო მარკესის მიზანია, ხალხმა ლისაბონის ისტორიაში ტრამვაის წვლილი არ დაივიწყოს, რადგან ამ სატრანსპორტო საშუალებამ ქალაქის გაფართოება განაპირობა. ის ზოგჯერ ენთუზიასტების ჯგუფებსაც მასპინძლობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მოწყობილობა მოპარეს, მარკესი ცდილობს, საწყობის მდებარეობა ყველას არ გაუმხილოს. მისი ოცნება ტრამვაის მუზეუმის გახსნაა.

„თუ რამე დამემართება, ჩემი დაწყებული საქმე გაგრძელდება. ჩემი შვილის თაობას ჩემი ოცნების ასრულება უფრო გაუადვილდება,” - განაცხადა მარკესმა, რომელსაც გვერდში 14 წლის ვაჟი უდგას. ის, მამის მსგავსად, ტრამვაით მეტად გატაცებულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ