ქართული ღვინის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - რომელი ბრენდი მოიწონეს გერმანიაში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია ჰოლდინგმა „Meininger“ საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა.

კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა, აქედან კი 100 ქულიანი შეფასების სისტემით უმაღლესი ქულა 93 - მხოლოდ ოთხმა ღვინომ მიიღო, ერთ-ერთი სწორედ შუხმანის საიუბილეო ღვინოა (Schuchmann Jubilee wine); 92 ქულა კი რვა ღვინომ, სადაც ვინოტერას საფერავი (Vinoterra Saperavi) იკავებს ადგილს.

შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა „Meininger“-ის ჟურნალის „Weinwirtschaft“ ივნისის ნომერში. მედია-ჰოლდინგის კიდევ ერთ ჟურნალში „Sommelier” სტატია სექტემბერის ნომერში გამოქვეყნდება.

კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიეები, სულ 20 წევრი შედიოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა მეღვინეობამ მოიპოვოს სატიტულო ადგილები საერთაშორისო არენაზე და დაიმკვიდროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავდროულად ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი“. შუხმან ვაინს ჯორჯიას მიზანიც კი სწორედ ეს გახლავთ „ვაწარმოვოთ ხარისხი და არა რაოდენობა“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი, შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალური დირექტორი.