Volkswagen 2035 წლიდან შიგაწვისძრავიან ავტომობილებს აღარ გამოუშვებს

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოების შეწყვეტას 2035 წლიდან აპირებს. ამის შესახებ კომპანიის გაყიდვების მენეჯერ კლაუს ცელმერმა გაზეთ Münchner Merkur-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ დავისახეთ ძალიან მკაფიო მიზნები. ევროპაში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებას 2033-დან 2035 წლამდე პერიოდში შევაჩერებთ, აშშ-სა და ჩინეთში კი ოდნავ მოგვიანებით,“ - აცხადებს ცელმერი.

მისი თქმით, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში „პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული პირობების“ არარსებობის გამო, ამ მიზნის მიღწევას მეტი დრო დასჭირდება. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს, 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის წარმოებაზე გადავიდეს.

Volkswagen-ის ერთ-ერთმა მმართველმა ისიც აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის კომპანია ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვების წილს 70%-მდე გაზრდის.

კოკა კვირკველია