ჰონგ-კონგში მეტროს ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული ხაზი გაიხსნა

გუშინ ჰონგ-კონგში მეტროს ახალი, ყველაზე გრძელი ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროს ოპერატორი კომპანია MTR ავრცელებს.

Tuen Ma-ს ახალი ხაზი მანამდე მოქმედ ორ ხაზს აერთიანებს და ქალაქის მატერიკულ ნაწილში, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადის.

11-კილომეტრიანი დამაკავშირებელი მონაკვეთი 7 სადგურს მოიცავს. მისი მშენებლობა არაერთხელ შეფერხდა და ჯამში 90,7 მლრდ ჰონგ-კონგური დოლარი (11,7 მლრდ აშშ დოლარი) დაჯდა, ანუ თითო კილომეტრზე მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ახალი ხაზი ქალაქის სარკინიგზო ტრანსპორტის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი გახდა.

ამ მონაკვეთის ამოქმედებით ქალაქში ყველაზე გრძელი მეტროს ქსელი შეიქმნა, რომლის სიგრძე 56 კმ-ია და 27 სადგურისგან შედგება.

კოკა კვირკველია