ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები განახევრებულია -  „შუხმან ვაინ ჯორჯია“

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინის გაყიდვები განახევრებულია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „შუხმან ვაინ ჯორჯიას“ დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა 2021 წლის პირველი ნახევრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის პირველ 6 თვეში, რეალიზაციის საერთო შემცირება 5%-ზე მეტი არ იქნება.

,,2021 წლის 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩვენ გვაქვს მინიმალური შემცირება ღვინის წარმოებასა და რეალიზაციაში, რადგან ჩვენს კომპანიას გააჩნია საკმაოდ დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები. ასეთია ჩვენი საექსპორტო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც მეტად იყო პანდემიის ზიანი, მეტად შემცირდა გაყიდვაც. თუმცა, საბოლოო ჯამში ვვარაუდობთ, რომ კლება არ იქნება ჯამურ 5%-ზე მეტი წლის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში კი გვაქვს გეგმა, რომ ეს დანაკლისი დავაბალანსოთ. ჩვენი წარმოების 95% ექსპორტზე გადის, 25 ქვეყანაში.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ ჩვენი ღვინის გაყიდვები ფაქტობრივად, განახევრებულია“, - აცხადებს აბრამიშვილი.

თამარ მუკბანიანი