ნესვის იმპორტი იზრდება, ფასები ეცემა - სად და რა მოცულობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო

ქართულ აგრარულ ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის სხვა პროდუქტებთან შედარებით, ნესვის ფასი დაეცა. 2019 და 2020 წლების ივნისის ბოლოსთვის ქართული ნესვი ორჯერ ან მეტჯერ ძვირი იყო, ვიდრე მიმდინარე წლის ამ პერიოდშია. დღეისათვის ქართული ნესვის საშუალო საბითუმო ფასი კგ-ზე 0,70 ლარამდე (0,22 დოლარამდე) დაეცა და როგორც EastFruit-ის ანალიტიკური გუნდი პროგნოზირებს, ფასის ვარდნა შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს.

მიმდინარე სეზონზე ნესვის დაბალი ფასები შემცირებული მოთხოვნის ფონზე გაზრდილ მომარაგებას უკავშირდება.

„ასეთ ნეგატიურ კომბინაციას წელს ხშირად ვხვდებით საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის სექტორში,“ - წერს EastFruit.

მიწოდების ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია ნესვის წლევანდელი დიდი მოსავლითა და იმპორტის ზრდით, ხოლო დაბალი მოთხოვნა პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ, პირველ რიგში, ტურიზმის სექტორის გაჩერებამ განაპირობა.

წლევანდელ დაბალ ფასებში, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვან როლს ნესვის იმპორტი ასრულებს, რამაც მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში რეკორდი განაახლა. იანვარ-მაისში ქვეყანაში 119 ტონა ნესვი შემოვიდა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მარტო მაისში ნესვის იმპორტმა 106 ტონა შეადგინა. მთავარი მომწოდებელი თურქეთი და ირანია.

2021 წლის 5 თვეში საქართველოში ნესვი 3 ქვეყნიდან შემოვიდა:

  • თურქეთი - 72,43 ტონა (11,32 ათასი დოლარი)
  • ირანი - 44,36 ტონა (5,94 ათასი დოლარი)
  • ნიდერლანდები - 3,10 ტონა (4,69 ათასი დოლარი)

თურქული ნესვის საიმპორტო ფასი კგ-ზე 0,15 აშშ დოლარი (0,45 ლარი), ხოლო ირანული ნესვის კიდევ უფრო იაფი - კილოგრამზე 0,11 დოლარი (0,35 ლარი) იყო. საქართველოს ამჟამინდელ საშუალო ფასთან შედარებით, თურქეთსა და ირანში ნესვის ფასი გაცილებით დაბალია.

„სეზონის პირველ თვეებში იმპორტის დიდი მოცულობა და დაბალი ფასები მიმდინარე ფასებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ზოგიერთი ქართველი ფერმერი უკვე იძულებულია, ნესვის ფასი კგ-ზე 0,30-0,45 ლარით (0,09-0,15 დოლარით) შეამციროს. მიმდინარე საშუალო ფასი, 0,70 ლარი (0,22 დოლარი), სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება, რადგან მიწოდება ზრდას განაგრძობს,“ - წერს EastFruit.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ