ნათია თურნავა - დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ახალი განაცხადების მიღების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მიიღეს, კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლები ელოდებოდნენ.

„ბოლო პერიოდში ჩვენ რამდენიმე ძალიან წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როდესაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აქ ჰოლივუდის მიერ გადაღებულია ფილმები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისოდ ცნობილი კინოკომპანიების მიერ მიმდინარეობდა კინოგადაღება. 2019 წლის ბოლოს კოვიდ-პანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა დროებით ამ პროგრამის განხორციელება. მე ვსაუბრობ კინოინდუსტრიის მხარადჭერის პროგრამაზე, რომელიც „აწრამოე საქართველოში“ დახმარების ფარგლებში ხორციელდებოდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა, ისევ ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ახალი განაცხადების მიღების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას საქართველოში და აქ კინოგადაღებას, გაერკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის განახლების მოლოდინში რამდენიმე პროექტი იქნება წამოწყებული, რომელიც ეხება საქართველოში არამხოლოდ ერთჯერადად რომელიმე კინო-პროდუქტის გადაღებას, არამედ კონკრეტულად, სტუდიების და პავილიონების შექმნას და გახსნას, მათ შორის ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებიდანაც არის ასეთი იდეა და შემოთავაზება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან წარმატებული მომავალ წლებში, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში მსოფლიო კინო-ინდუსტრიის პლატფორმის დამკვიდრებას“, - აცხადებს თურნავა.

მისივე განმარტებით, ამ პროგრამის ძირითადი პრინციპი არის მსოფლიოში აღიარებული ე.წ. ქეშ ბექის პრინციპი, როდესაც კინოს გადაღება შეთანხმებული ბიუჯეტით ხდება და ეს კინო-პროდუქცია უნდა იყოს გაცხადებული ბიუჯეტის მიზნების შესატყვისი.

„შემდეგ, როდესაც უკვე დადასტურდება ეს საინვესტიციო ხარჯები ხდება გარკვეული ხარჯების ჩვენს მიერ თანამონაწილეობა და ანაზღაურება, დაახლოებით 20%-ის ოდენობით. ეს პროგრამა კვლავ აღდგება, რა თქმა უნდა, შეთანხმებული ბიუჯეტით, ძალიან მკაცრი მონიტორინგით, რასაც ჩვენთან ერთად კულტურის სამინსიტროც გასწევს. თითოეულ ფილმს აქვს თავისი ვადა. სერიალი მრავალწლიანია. აქ, ეს ქეისიც არის დაშვებული, რომ თუ იქნება მრავაწლიანი პროექტი, ამაზე მთავრობა იმსჯელებს და ცალკე დაამტკიცებს. როგორც წესი, 12 თვის განმავლობაში ხდება თითოეული პროექტი, მაგრამ სერიალის, ტრილოგიის შემთხვევაში, რასაც ხშირად ჰოლივუდი იღებს, მაგალითად, „ფორსაჟი“, იმედი მაქვს, რომ კიდევ ვუმასპინძლებთ ჰოლივუდის მსგავს კინო-პროდუქციას“, - აცხადებს თურნავა.