ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას" 43 ათას დოზას

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას" 43 ათას დოზას. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი შეფერხების მიუხედავად, მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის დოზები მიეწოდებათ.

„რაც შეეხება „ასტრაზენეკას", ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია დაცული იყოს პირველ და მეორე ვაქცინას შორის გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც ის პრობლემა შეიქმნა, რომელმაც საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ხელით ყოფილიყო მართული, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მე-10 და მე-12 კვირა, უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო მათი ვაქცინაცია და შესაბამისად, ამ ჯგუფში გავაკეთეთ გარკვეული პრიორიტეტების დასახვა.

რეგისტრირებულები იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ ვაქცინაციის მე-7, მე-8, მე-9 კვირა, ვინაიდან ეს არ არის აკრძალული და მოქალაქე თვითონ წყვეტს, რომელი კვირიდან გეგმავს თავის ვაქცინაციას, ამ მოქალაქეების რიგი ვმართეთ, რის შედეგადაც მოქალაქეებს მიეწოდებათ კუთვნილი და საჭირო ვაქცინა, რათა „ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია უსაფრთხო იყოს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტიორ ქვეყნებთან, „კოვაქსთან" არის მჭიდრო კომუნიკაცია „იუნისეფის" დახმარებით, რომ ის კუთვნილი 43 ათასი, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, დროულად მოხდეს მისი მოწოდება. მოლაპარაკებები სამწუხაროდ, პროცესშია, ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, როდის მივიღებთ დამატებით დოზებს, რომელიც უნდა შემოვიდეს ",- აღნიშნავს ტიკარაძე.