ექსპორტიორებმა, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის მიმართულებით, დროებით ლურჯი მოცვის შესყიდვები გააჩერეს - „აგრითაჩის“ დამფუძნებელი

ექსპორტიორებმა, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის მიმართულებით, დროებით ლურჯი მოცვის შესყიდვები გააჩერეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „აგრითაჩის“ დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე წერს.

„რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ქართული პროდუქტის, კონკრეტულად ლურჯი მოცვის, ატმის და ვაშლატამას რეალიზაციაში პრობლემები.

როგორც იცით, ლურჯი მოცვის ექსპორტის 90 პროცენტი მიბმულია რუსეთის ბაზარზე, რადგან მხოლოდ ცალკეულ მწარმოებლებს გვაქვს გლობალ გეპის სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად.

ექსპორტიორებმა, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის მიმართულებით, დროებით გააჩერეს შესყიდვები და ასევე სამაცივრე მეურნეობებმა მოსავლის შესყიდვა.

ყოველდღიურად ჩემი თანამშრომლები იღებენ უამრავ ზარს ლურჯი მოცვის მწარმოებლებისგან, ვინაიდან საქმე ეხება მაღალი ღირებულების მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც მოითხოვს უსწრაფეს კრეფვის შემდგომ მენეჯმენტს, შესანახი ინფრასტრუქტურის არარსებობაც ზრდის ზარალის რისკს და ასევე პანიკის დონეს“, - წერს ეკატერინე ვეფხვაძე.

ამასთან, ეკატერინე ვეფხვაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს კითხვებით მიმართავს: „იმედს ვიტოვებ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, ამ საკითხში სიცხადეს შეიტანენ და აგვიხსნიან, რასთან გვაქვს საქმე... დეზინფორმაცია/ცრუ განგაშთან თუ რეალურ პრობლემასთან? და თუ რეალურად დგას ეს პრობლემა, რა არის ჩვენი სამოქმედო გეგმა ამ შემთხვევაში?“.