თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება რეკორდულად იზრდება

სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით თურქეთი მსოფლიოს ათეულშია. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთი სხვადასხვა მცენარეული პროდუქტის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეს მცენარეული პროდუქტებია თხილი, ბალი, ლეღვი, გარგარი, კომში და ყაყაჩოც კი - წერს east-fruit-ი.

სააგენტოს თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს, კოვიდპანდემიის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, თურქეთმა მცენარეული პროდუქციის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 7,6%-ით გაზარდა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით თურქეთი ევროპისა და მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყნებში შედიოდა. ამ მაჩვენებლით თურქეთმა 2005-2019 წლებში ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.

გასულ წელს თურქეთში სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და 333,3 მლრდ ლირას (38 მლრდ დოლარს) მიაღწია, რაც თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდია. მცენარეული პროდუქციის წარმოება გასულ წელს ნატურალურად 7.6%-ით, 126.1 მლნ ტონამდე, ფულადი თვალსაზრისით კი 24.2%-ით, 245.2 მლრდ ლირამდე (28 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა. კერძოდ, საველე პროდუქციის წარმოება გაიზარდა 11,9%-ით, ხილი - 5,8%-ით, ბოსტნეული კი - 0,3%-ით. 2020 წელს თურქეთში 6,5 მილიონი ტონა სიმინდისა და 278 ტონა ლობიოს მოსავალი მოვიდა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდია.

გარდა ამისა, თურქეთი შაქრის ჭარხლის წარმოებაში მე-5 ადგილზეა, ლიმნისა და ყურძნის წარმოებაში - მე-6-ზე, ხოლო ბამბის წარმოებაში მე-7 ადგილს იკავებს.

მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 1,1 ტონა თხილს აწარმოებენ, რაშიც თურქეთის წილი 69%-ია, ხოლო კომშის წლიური წარმოება მსოფლიოში 666,6 მილიონი ტონაა. ამ მოცულობაში თურქეთს 26%-იანი წილი უკავია.

ტკბილი ბალის მსოფლიო წარმოება წელიწადში, დაახლოებით, 2.6 მილიონი ტონაა, რაშიც თურქეთის წილი 26%-ია, ხოლო ლეღვის მსოფლიო წარმოება 1.3 მილიონი ტონაა, რომლის 24% თურქეთში მოყავთ. ლეღვის მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

გარდა ამისა, გარგარის ჩირის მსოფლიო წარმოებაში თურქეთის წილი 21%-ია და ამ მაჩვენებლითაც ის პირველ ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ