ნათია თურნავა - ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, 25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში, 19 ავიაკომპანია ოპერირებს.