კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე რეფორმას აზრი ეკარგება - რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლი უნდა გაჩნდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს დედაქალაქში 18- მეტრიანი ავტობუსები შემოვა. როგორც კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ასევე დაწყებულია თბილისში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა.

„დაწყებულია ავტობუსების შემოყვანა, მწვანე ავტობუსები მაქვს მხედველობაში. 8-10, 12- მეტრიანი ავტობუსები და ბოლო ეტაპი იქნება მომავალ წელს, 18- მეტრიანი ავტობუსები, რომელიც დედაქალაქში შემოვა. ასევე, მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების ნაწილი, სადაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და დაწყებულია ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ არსებული მთლიანად ჩანაცვლდეს და პარკი მთლიანად განახლდეს. ასევე, ხაზი მინდა გაესვას იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია, ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, მაგრამ თუ მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნებათ, თუ ქალაქში არ იქნება საავტობუსე ზოლები, ამ რეფორმის განხორციელებას აზრი ეკარება. შესაბამისად, ინფრასტრუქტურულადაც ჩვენ უნდა მივყვეთ ამ რეფორმის განხორციელებას. რაც შეიძლება მეტი საავტობუსე ზოლი უნდა გაჩნდეს“,-განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების პრობლემაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ჩვენ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი რეგულაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შენარჩუნებულიყო ქალაქში და ახალი პროექტები განხორციელებულიყო. იმ ძალიან მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში იყო და არავის მოგვწონდა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა, რომ არც ერთ რეკრეაციულ სივრცეში, არც ერთი სპორტული მოედნის ხარჯზე მშენებლობების განხორციელება არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა კალაძემ.