ფადი ასლი - გვჯერა, რომ მთავრობა მთლიანად შეცვლის პოლიტიკას და გახდება მეგობრული უცხოური ინვესტორებისა და ქართული ბიზნესის მიმართ

ღიად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოში უცხოელ ინვესტორებზე და ამაზე ინვესტიციების მაჩვენებლები თავად მეტყველებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განაცხადა, რომელიც პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებსა და სექტორული ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.

„პარლამენტში ფრაქცია „ლელომ“ მოგვიწვია იმ გამოწვევების განსახილველად, რის წინაშეც ბიზნესი და ინვესტიციები დგას. ჩვენ ძალიან ღიად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოში უცხოელ ინვესტორებზე და ამაზე ინვესტიციების მაჩვენებლები თავად მეტყველებს. პანდემიის შემდეგ ეკონომიკა და ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. გვჯერა, რომ მთავრობა 180 გრადუსით შემობრუნდება, მთლიანად შეცვლის პოლიტიკას და გახდება ძალიან მეგობრული უცხოური ინვესტორებისა და ქართული ბიზნესის მიმართ,“- აღნიშნა ფადი ასლიმ.