კახა კალაძე - სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება არის ის თემები, სადაც ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოგვიკლია

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება არის ის თემები, სადაც ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოგვიკლია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიამ როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა დააფინანსა.

„სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება არის ის თემები, სადაც ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოგვიკლია, პირიქით, მოხდა დამატება იმისთვის, რომ პრიორიტეტები სწორად განაწილებულიყო და მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, სოციალური მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი პროგრამები, რომლითაც ვეხმარებით ოჯახებს, ადამიანებს, სტუდენტებს, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი კონკრეტული პროგრამა დაფინანსდა, დაახლოებით 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს ქალაქს, მაგრამ სანამ არსებობს ამის საჭიროება, სანამ არსებობს და დგას დღის წესრიგში იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს მხარდაჭერა და თანადგომა როგორც სახელმწიფოს, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან, იცოდეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა, თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა“, - განაცხადა კალაძემ.