კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ქართული ესტრადის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში დაეხმარა და მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ქართული ესტრადის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში დაეხმარა და მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

როგორც მან მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ასევე მხარდაჭერილი იქნება ღამის კლუბები.

„ამ პანდემიის დროს ზოგადად, ჩვენი ქართული ესტრადა ძალიან დაზარალდა, განხორციელდა მხარდამჭერი პროგრამები და რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერას მომავალშიც ვაპირებთ. ასევე მნიშვნელოვანია ღამის ეკონომიკის ნაწილში ის მხარდაჭერა, რომელიც განვახორციელეთ, ეს არის საკლუბო სცენა, რომელიც ძალიან დაზარალდა, მათი მხარდაჭერა, კაფეების, რესტორნების მხარდაჭერითი პროგრამები, რომელიც განვახორციელეთ და თუ ამის საჭიროება იქნება, მათ მომავალშიც ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“,-განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს თბილისში სანათების განახლებისთვის სოლიდური თანხები იხარჯება.

„კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, მიუხედავად ჩვენი მიწოდებული ინფორმაციისა, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთებული, მაინც მიზანმიმართულად მიმდინარეობს მცდელობა, თითქოს ბიუჯეტმა უნდა დახარჯოს 23 მილიონი ლარი იმისთვის, რომ ქალაქში სანათები შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით არც ერთი თეთრი არ იხარჯება. გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება ექნება, მოიზიდოს თანხები, თავისი მოზიდული თანხებით განახორციელოს სანათების ჩანაცვლების პროექტი და შემდეგ იმ თანხებს, რომელსაც ვხარჯავთ და ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, აქ დაზოგილი თანხები მიმართული იქნება ამ კონკრეტულ კომპანიაში. ძალიან საინტერესო მოდელია. პირველი ქალაქი არ ვართ, რომელიც ანალოგიურ პროექტს ახორციელებს“,-განაცხადა კალაძემ.