,,ერთადერთი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ეს გეგმა აღარავის ემახსოვრება“- ,,გირჩის“ დეპუტატი პრემიერის 10-წლიან გეგმაზე

,,ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს დააფინანსებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე მმართველმა გუნდა მოიგოს“ - ასე შეაფასა ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პრემიერის მიერ წარდგენილი განვითარების 10-წლიანი გეგმა.

რაქვიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის მიერ დასმულ კითხვებში იკვეთებოდა სხვადასხვა ლობისტური ინტერესები.

,,დაპირებები სუბსიდიაზე, დახმარებაზე, დაფინანსებაზე და ზრუნვის დაწყებაზე ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ამბავია და არავითარი საერთო ეკონომიკურ შინაარსი არ გააჩნია. ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს დააფინანსებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მოიგოს.

არის უცნაური ნაწილიც. როგორც ჩანს, ყველა სამინისტრო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თავის ნაწილს წერდა და ამან აბსურდული შინაარსი გამოიწვია. ეს ცხადია ასეც იქნებოდა, როცა გთხოვენ 10-წლიანი გეგმა დაწერო, რა იქნება ამის შედეგი, ცხადია ეს არასერიოზულია.

მე გამიხარდებოდა, თუ ჩვენი მთავრობა შეეშვება სექტორებზე ფიქრს და იმაზე ზრუნვას, რომელი სექტორი განვითარდეს. მთავრობა ამიტომ არ გვჭირდება. ეს ბიზნესმენების საქმეა და მათ უნდა აკეთონ. 10-წლიან გეგმაში, რა რიცხვიც უნდა ჩავწეროთ, არ იქნება სერიოზული, იმდენად არაპროგნოზირებად სამყაროში ვცხოვრობთ.

ერთი, რაც ჩანდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებში და რასაც აშკარად გამოკვეთდი, ეს არის სხვადასხვა ლობისტური ჯგუფების ინტერესი. არ არის გამორიცხული, ეს გეგმა სწორედ ამ ინტერესთა ჯგუფების დასაკმაყოფილებლად იქნას გამოყენებული, იგივე სუბსიდირების გზით. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ეს გეგმა აღარავის ემახსოვრება“- ამბობს რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის გასული წლის ანგარიში და ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მონახაზი წარადგინა.

თამარ მუკბანიანი