150 ევრო აცრისთვის - საბერძნეთის მთავრობა ახალგაზრდებს საზაფხულო ჯილდოს გადასცემს

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის სანაცვლოდ, ახალგაზრდებს 150 ევროს ფულად ბარათებს დაურიგებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„წლის ბოლომდე გაკეთებული ვაქცინის პირველი ინექციის შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ ბარათს, რომელზეც 150 ევროა განთავსებული. ეს მადლიერების ნიშნად ახალგაზრდობის წინაშე გადახდილი ვალი იქნება,” - განაცხადა მთავრობის სხდომაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიწოტაკისმა.

მთავრობის ინიციატივით, 18-დან 25 წლამდე ასაკის 940,000-მდე ბერძენ ახალგაზრდას, რომელიც ვაქცინის პირველ დოზას წლის ბოლომდე მიიღებს, ე.წ. pass free ფულადი ბონუსი გადაეცემა. 15 ივლისიდან ახალგაზრდებს უფლება მიეცემათ, მიღებული თანხა ზაფხულის არდადეგებსა და კულტურულ ღონისძიებებზე დახარჯონ.

მთავრობის მონაცემებით, საბერძნეთის 11-მილიონიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით, მესამედი სრულად არის აცრილი. წინა კვირას მთავრობამ გარე სივრცეში ნიღბების სავალდებულო ტარების ზომა გააუქმა. ამასთან, გუშინდელი დღიდან სრულად ვაქცინირებულ ბერძნებს სამსახურში ან სავარჯიშო დარბაზში სიარული ტესტირების გარეშე შეუძლიათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ