ამერიკული მინიგამომთვლელიანი ნიღაბი კორონავირუსით ინფიცირებულ პირს ადგენს

ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი, რომლის საშუალებით შესაძლებელია, დადგინდეს, მისი მომხმარებელი ინფიცირებულია თუ არა. ამის შესახებ ინფორმაციას მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

უნვერსიტეტის მკვლევარებმა, ჰარვარდელ სპეციალისტებთან ერთად, მცირე გამომთვლელის მქონე ნიღბის პროტოტიპი შექმნეს. გამომთვლელის ჩაკერება ლაბორატორიულ მოსაცმელში ან სხვა სამოსშიც არის შესაძლებელი.

მინიგამომთვლელი ინფიცირების მაჩვენებელს, დაახლოებით, საათნახევარში ავლენს. მისი ჩართვა შესაძლებელია სხვებისგან შეუმჩნევლად, რაც ნიღბის მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვისთვის არის გათვალისწინებული.

ამერიკელმა მეცნიერებმა ამ ტიპის გამომთვლელებზე მუშაობა რამდენიმე წლის წინათ დაიწყეს და მას ებოლასა და ზიკას ვირუსების გამოსავლენად იყენებდნენ. გამომთვლელს სხვა ვირუსებზე გადაწყობაც შეუძლია.

კოკა კვირკველია