ხილ-ბოსტნეული, რომელსაც ვყიდით რუსეთში - ტოპ-10 პროდუქტი

გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ჯამში, 401,192 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ეს კი მთლიანი ექსპორტის (ადგილობრივი) თითქმის 17%-ია. 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 2,406 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოსთვის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ქვეყანამ ქართული ხილისთვის ევრაზიული კავშირის ბერკეტი აამოქმედა. კერძოდ, 29 ივნისიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ. შესაბამისად, უნდა გაიცვალოს ინფორმაცია ამ სფეროს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებთან, რომლებიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო დამუშავების სფეროში სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფენ.

ამასთან, მოხდება რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის განკუთვნილი მცენარეული პროდუქციის შემოწმება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან. შემოწმება მოხდება წარმოების ადგილებში, თუ რამდენად დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების სავალდებულო მოთხოვნები.

ინფორმაციას ძირითადად ტრეიდერები ავრცელებენ, რომლებიც საექსპორტო ტვირთებს რუსეთში გასატანად ამზადებენ. ისინი ჩივიან, რომ ბაზარზე გაურკვევლობის გამო, ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საქართველოში წარმოებული ხილ-ბოსტნეულიდან, რომელი პროდუქტები გადის რუსეთში ყველაზე დიდი მოცულობით.

ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • ახალი ან ხმელი მანდარინი (ტანჟერინების და სატსუმის ჩათვლით), კლემენტინები, ვილკინგები და ციტრუსების ანალოგიური ჰიბრიდები -12,640 მლნ აშშ დოლარი (21 393 ტონა)
  • ახალი ატამი, ნექტარინების (ვაშლატამა) ჩათვლით - 17,158 მლნ აშშ დოლარი (16 725 ტონა)
  • ახალი ვაშლი - 4,060 მლნ აშშ დოლარი (9 256 ტონა)
  • ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა -3,593 მლნ აშშ დოლარი (631 ტონა)
  • ახალი ხურმა - 3,363 მლნ აშშ დოლარი (4 807ტონა)
  • ახალი ან გაცივებული პომიდორი - 1,373 მლნ აშშ დოლარი (1 449 ტონა)
  • ახალი ან გაცივებული Agaricus-ის გვარის სოკოები - 781 ათასი დოლარი (390 ტონა)
  • ახალი და გაცივებული კიტრი და კორნიშონები - 674 ათასი აშშ დოლარი (832 ტონა )
  • ახალი ან გაცივებული არასათესლე კარტოფილი - 669 ათასი აშშ დოლარი (1663 ტონა)
  • ახალი ან გაციებული ნიორი - 311 ათასი აშშ დოლარი (221 ტონა)

რაც შეეხება სხვა ხილ ბოსტნეულს, სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს რუსეთში გავიდა:

  • დანარჩენი ახალი ხილი (მარწყვის, ხენდროს, ჟოლოს, მაყვლის, თუთას, ლოგანის, მოცხარის, ხურტკმელის, შტოშის, მოცვის, კივის, დურიოს და ხურმას გარდა) – 934 ათასი აშშ დოლარი (681 ტონა)
  • დანარჩენი ახალი ან გაცივებული ბოსტნეული (სატაცურის, ბადრიჯნის, ნიახურის, სოკოების, ისპანახის, Capsicum ან Pimenta გვარის ნაყოფების, არტიშოკის, ზეთისხილის, ტკბილი წიწაკის, გოგრისებრთა ოჯახის ბოსტნეულისა და ყაბაყის გარდა) – 1,784 მლნ აშშ დოლარი (1 971 ტონა)
ნინი ქეთელაური