გასულ წელს საქართველოში კორონავირუსით 2 587 ადამიანი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8 პროცენტი, სიმსივნეები (16 პროცენტი) და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები (7.9 პროცენტი).

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას (ICD-10) დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, „U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), რომელიც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია“. აღნიშნული მიზეზით, 2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1 პროცენტს შეადგენს.

„ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი