აშშ-ს საოლქო სასამართლომ Facebook მონოპოლისტად არ ცნო

აშშ-ს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანტიმონოპოლიური სამსახურის სარჩელი, რომელიც Facebook-ისგან Instagram-ისა და WhatsApp-ის გაყიდვას მოითხოვდა. კოლუმბიის ოლქის მოსამართლე ჯეიმს ბოასბერგმა ფედერალური სარჩელი „იურიდიულად არასრულყოფილად“ მიიჩნია. მისი განცხადებით, ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ, რომელიც მარეგულირებელი სამსახურია, ვერ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ Facebook სოციალური ქსელის ბაზარზე მონოპოლსტია. თუმცა მოსამართლემ იქვე შენიშნა, რომ ფედერალურ კომისიას 29 ივლისამდე შეუძლია, ახალი სარჩელი წარადგინოს.

ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ოფისის სპიკერმა განაცხადა, რომ დავის გაგრძელების „სამართლებრივ ვარიანტებს განიხილავენ", Facebook კი სარჩელების გაუქმებას მოითხოვს.

კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლომ Facebook-ის შუამდგომლობა არ მიიღო, რომ ვაჭრობის ფედერალურ კომისიას კომპანიის შესყიდვების სასამართლო გზით გაუქმების უფლებამოსილება არ გააჩნია, რაც მარეგულირებლისთვის ამ საქმეში ერთადერთი მიღწეული შედეგია.

ფედერალურმა კომისიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში Facebook გასულ წელს დაადანაშაულა, რაც Instagram-ის 1 მლრდ დოლარად, WhatsApp-ის კი 19 მლრდ დოლარად შესყიდვას უკავშირდებოდა. კომისია ამტკიცებს, რომ Facebook-ს ბაზრის 60%-ზე მეტი უჭირავს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ Facebook-ის აქციები 4%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ