გოგიტა თოდრაძე - იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ - მაისში საქონლის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 27%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 16%-ით, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

ამასთანავე, მისი განმარტებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3 581 ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 12,5%-ით მეტია, თუმცა რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 25%-ით შემცირებულია.

„უშუალოდ 2021 წლის მაისში ექსპორტის მაჩვენებელი - 45%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 40%-ით იყო გაზრდილი. ექსპორტის საერთო მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპილენძის მადნებმა, ფეროშენადნობებმა, ასევე, ღვინის, თხილისა და მინერალური წყლების ექსპორტმა. ხოლო, რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, აქ ყველაზე დიდი გავლენა იქონია მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფებმა.

50%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 8,2 მილიარდი ლარი შეადგინა. განვმარტავ მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დავიწებ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორით, სადაც ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც მეტალურგიასთან, მაგალითად, თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოებასთან, ისე ქიმიურ მრეწველობასთან, მაგალითად, გაიზარდა მინერალური სასუქების წარმოება. ამასთან, რამდენიმე რიცხვი მინდა გაგიზიაროთ საგარეო ვაჭრობიდან, მაგალითად, 46%-ით გაიზარდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი, ხოლო 171%-ით ანუ თითქმის სამჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა კვების პროდუქტების, სასმელებისა და ტანსაცმლის წარმოების მიმართულებით, შესაბამისად, 2021 წლის მაისში 97%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი და დაახლოებით, 2,5%-ით ღვინის ექსპორტი,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისი ინფორმაციით, სამშენებლო პროცესების გააქტიურების შედეგად, გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოების მაჩვენებელი. საფინანსო საქმიანობის სექტორში კი ზრდის გამომწვევი მიზეზი კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდაა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობასთან.

„აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 70%-ით გაიზარდა შესაბამის სექტორში მოღვაწე კომპანიების წმინდა შემოსავლები.

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა ავტომობილებითა და მათი ნაწილებით ვაჭრობით მოცულობის გაფართოვებას. 87% -ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე, საცალო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, ფარმაცევტული საქონლით, სამშენებლო მასალებით, გარკვეული კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, კომპიუტერებით, ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ, დაახლოებით, 81%-ით არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არა საცხოვრებელი შენობა -ნაგებობების მშენებლობასთან, თუმცა გაიზარდა, ასევე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, როგორიც არის ელექტროტექნიკური სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები, შესაბამისად, გაიზარდა სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობაც, ამასთან აღსანიშნავია, რომ თითქმის 56%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორში, ისევე როგორც წინა თვეში, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო არასაცხოვრებელი შენობების იჯარით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. ფაქტობრივად, გაორმაგებული იყო აღნიშნული მაჩვენებელი, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან და საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდის პარალელურად ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან, თუმცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, ასევე, საჰაერო და სახმელეთო სამგზავრო ტრანსპორტის ბრუნვის მაჩვენებელიც. და ბოლოს, ასევე გამოცოცხლების ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიის შედეგად. საბაზისო ეფექტი, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საყურადღებოა, თუმცა შემოსავლები აღნიშნულ სექტორში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია,“- განაცხადა თოდრაძემ.