რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე

”ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!” - აცხადებენ ქართველი ექსპორტიორები

რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა უკვე სისტემური ეკონომიკური კრიზისის სახე მიიღო -  დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა ინფლაციის დონე, რუსული რუბლი 1998 წლიდან მოყოლებული, ასეთ დაბალ ზღვარზე არ ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ფულს, რაც შეეხება სანქციების შედეგად მიღებულ ზიანს, ეს რუსეთს მილიარდობით დოლარი უჯდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას და უარყოფითად აისახება იმ კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც რუსეთში ექსპორტს ახორციელებენ. პირველ რიგში, ეს ღვინის კომპანიებს ეხება.

როგორც ”დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალური დირექტორი ზაზა დუგლაძე ამბობს, ქართული ღვინის ინდუსტრიაში საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა.

ზაზა დუგლაძე: ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს: რუსეთის ბაზარზე იმის მეოთხედი პროდუქცია ძლივს გადის, რაც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოდან გადიოდა. რუსეთში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაც შემცირდა და რუბლის კურსიც იმდენად გაუფასურდა, რომ მოგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საერთოდ, ბიზნესი იმიტომ არსებობს, რომ ყველა ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ რუსულ ბაზარს ჩვენს სფეროში ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგან რუსეთი ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელია. თანაც, ეს ქვეყანა ახლოსაა და იქ პროდუქციის გატანაც იაფი გვიჯდება, ტრანსპორტირებაც და სხვა ხარჯებიც. ახლა ბევრს საუბრობენ ალტერნატიულ ბაზრებზე, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ - ევროპული ბაზარი უკვე დანაწილებულია, ავიღოთ თუნდაც ავსტრალია, რომელსაც ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავენ: ეს ღვინის ქვეყანაა, ავსტრალიელები ღვინით მთელ მსოფლიოს ამარაგებენ და როგორ გინდა იქ ქართული ღვინო გაყიდო? რეალობა ესაა, თორემ ღვინოს 12 ქვეყანაში მეც ვყიდი, მაგრამ ეს ჩემი ბიზნესის 12 პროცენტია, დანარჩენ 82 პროცენტს რა ვუშველოთ? ჩვენი კომპანიის მარკეტინგი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საექსპორტო არეალი გაფართოვდეს, ამ მხრივ ჩინეთია საინტერესო ქვეყანა, ინდოეთზეც სერიოზული მუშაობა მიდის, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.

ზაზა დუგლაძის თქმით, შეიძლება რომელიმე კომპანიას უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს, მაგრამ ამ სფეროში მაინც რთული სიტუაციაა:

- წელს მეწარმეებმა ყურძენში დიდძალი თანხა გადაიხადეს, რაც ძირითადად, კრედიტებით მოახერხეს და თუ ახლა პროდუქციის რეალიზაციას ვერ შეძლებენ, ყველა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. უფრო მეტიც, ეს მათი დაღუპვა იქნება. წელს ხომ გლეხობას 1 კილოგრამი ყურძენიც არ დარჩენია გაუყიდავი, თანაც, ყურძენი ძალიან ძვირი ღირდა. თუ რუსეთში მდგომარეობა არ გამოსწორდა, ეს კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს, რადგან საბანკო სისტემას თავისი გრაფიკი აქვს, კრედიტებს კი - გასტუმრება უნდა. თითქმის ყველა საწარმოს აქვს აღებული კრედიტი, მე ვფიქრობ, რომ ყველას ძალიან გაუჭირდება. ჩვენი კომპანია ჯერჯერობით მუშაობს, არ ვჩერდებით, მაგრამ რეალიზაცია აშკარად შემცირებულია. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ რაც რუსეთში ხდება, დროებითი მოვლენაა, ამხელა ქვეყანა დიდხანს ვერ დარჩება სავალუტო კრიზისის მდგომარეობაში, რაც ჩვენს ბიზნესზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

bpn.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართული მინერალური წყლების ბაზარზე, მაგრამ ამ ბიზნესის წარმომადგენლები რუსეთში შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისაგან თავს იკავებენ: ”საბოლოო შედეგებზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც საკითხის შესწავლა დასრულდება. ჯერჯერობით ჩვენი კომპანია ბაზრის კვლევას აწარმოებს, ამიტომ, ყოველგვარი დასკვნის გამოტანისაგან თავს შევიკავებთ” - გვითხრა კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნიცა ჩოლოყაშვილმა.

სამაგიეროდ, საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრება შპს ”ფრუიტილიას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ”ჩვენი ბიზნესი სხვა დარგებზე უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ღვინოსა და მინერალური წყლებისაგან განსხვავებით, ხილი მალფუჭებადია, თანაც, ჩვენ არა გვაქვს ალტერნატიული ბაზრები, სადაც ამ პროდუქციის რეალიზაციას შევძლებთ. დღესდღეობით, ყველა მოქმედი კონტრაქტი, რომელიც რუსეთის მიმართულებით გავაფორმეთ, შეჩერებულია და ჩვენი პარტნიორები გვთხოვენ პროდუქციის ექსპორტისაგან თავი შევიკავოთ, ამიტომ, ჩვენც გავჩერდით. ჩვენ მწარმოებლები არა ვართ, მოსახლეობისაგან ვყიდულობთ პროდუქციას. ბუნებრივია, ხილი, რომელსაც ჩვენ ვერ ვყიდულობთ, შიდა ბაზარზე მიდის, მაგრამ ამდენი ხილის გაყიდვა შიდა ბაზარზე პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ისევ მოსახლეობაზე აისახება უარყოფითად”.

ვახო ბეჟიტაშვილის თქმით, კომპანიას ჯერ გატანილი პროდუქციის თანხაც არ მიუღია, თორემ ახალი პარტიების შეძენაზე უკვე აღარ ფიქრობს.

ვახო ბეჟიტაშვილი:

ამ ეტაპზე იმ პროდუქციის თანხაა რისკის ქვეშ, რომელიც გზაშია, თორემ ახლის შესყიდვას აღარც ვაპირებთ. არ მინდა სიტუაციის დრამატიზება, მაგრამ აქვე უნდა ვახსენო გადამზიდავი კომპანიების პრობლემა, რომლებსაც ტვირთები ვეღარ გადააქვთ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ან ის კომპანიები, რომლებიც საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტს აწარმოებენ - რუსეთში შექმნილი სიტუაციის გამო ყველამ იზარალა. შეიძლება ღვინის კომპანიები ახერხებენ ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, მაგრამ ქართული ხილი ამ ბაზრებისათვის ჯერჯერობით მოუმზადებელია. ჩვენ წვდომა არა გვაქვს ევროპის ბაზარზე, რადგან იქ სულ სხვა სტანდარტებია და ჩვენ ამისათვის მზად არა ვართ. მართალია, ევროპის ქვეყნებში ქართული ხილის პერსპექტივა ძალიან მაღალია, მაგრამ ფაქტია, რომ თურქული დემპინგით გაძლიერებულ პროდუქციას ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ. მათ ევროპაშიც კარგი პოზიციები აქვთ, უკრაინის ბაზარზეც თითქმის ჩაანაცვლეს ქართული ხილი, რუსეთის ბაზარზე გარკვეული წინსვლა გვქონდა, მაგრამ რუბლის დევალვაციამ ეს პროცესიც შეაჩერა.

სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება ძალიან ეხმარება ექპორტიორებს. მაგალითად, უკრაინაში ხელისუფლებამ ექსპორტიორებს ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი აუნაზღაურა. დღესდღეობით ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და მთავრობის მხარდაჭერა ჩვენც გვჭირდება. ყველაფერს შეინახავ, ხილის შენახვას კი თავისი ვადები და პირობები სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, სასურველი იქნება, თუ ამ საქმეში ხელისუფლებაც ჩაერევა და რისკფაქტორების სუბსიდირებას შეძლებს. ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორებზე, მათ შემოსავალზე რუბლის კურსის ცვალებადობა ძალიან ცუდად მოქმედებს, რაც თავისთავად აისახება ჩვენზეც. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ, რომ კურსი უფრო სტაბილური გახდება და ჩვენც მუშაობას შევძლებთ”.

ხათუნა ჩიგოგიძე