რა ქონებით ტოვებს თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ივლისიდან აღარ გააგრძელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს პოსტს თამარ ჟვანია.

2020 წლის 28 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს, თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის სახით, 113 697 ლარი აიღო. ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორის სტატუსით - 1617 ლარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თამარ ჟვანია ფლობს 61,1 კვ.მ ბინას თბილისში, რომელშიც 2019 წელს 44 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 117000 აშშ დოლარად შეძენილ 148,99 კვ.მ ბინას დედაქალაქში.

გარდა ამისა, მისი მეუღლის სახელზეა, 200 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთში. ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Lexus GX 2007 წ. რომლის ღირებულება 19000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, თამარ ჟვანიას მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე ჰქონდა 1504 ლარი და ელექტრონულ საფულეზე - 688 ლარი. დანაზოგის სახით კი, 11 500 აშშ დოლარი.

ნინი ქეთელაური