UNWTO - საერთაშორისო ტურიზმი 30 წლის წინანდელ დონეზეა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კვლევით, წელს საერთაშორისო ტურისტების მიღების მხრივ სტაგნაციაა მოსალოდნელი. გამონაკლისს მხოლოდ დასავლეთის რამდენიმე ბაზარი წარმოადგენს. ასეთი სტაგნაცია კი 2,4 ტრლნ დოლარის ზარალს მოიტანს. ტურიზმის სექტორი მთლიანად მხოლოდ 2023 წელს აღდგება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაქცინაცია და COVID-19-ის სერტიფიკატები უცხოელი ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენის გასაღებს წარმოადგენს.

„საერთაშორისო ტურიზმი ბევრი ქვეყნისთვის მაშველი რგოლია, განსაკუთრებით კი პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ამ სექტორზე სამუშაო ადგილების უზრუნველყოფისთვის,“ - ნათქვამია გაეროს ანგარიშში.

UNWTO წერს, რომ გასულ წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტები 73%-ით შემცირდა, რამაც ტურისტული და მონათესავე სექტორები 2,4 ტრლნ დოლარით აზარალა.

„წლევანდელი წლის პერსპექტივები გაცილებით კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. პირველი 3 თვე ისევ ცუდი იყო. მოგზაურობები, თითქმის, არ იყო. ვაქცინაციიდან გამომდინარე, ნაწილობრივი აღდგენის პროცესი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, ისიც უფრო აშშ-სა და ევროპაში,“ - ნათქვამია ანგარიშში.

მიმიდნარე წელს უცხოეთიდან ვიზიტების რაოდენობა, პანდემიამდელ წელთან შედარებით, 63%-სა და 75%-ს შორის დიაპაზონით შემცირდება, რაც ტურიზმსა და მონათესავე სექტორებს 1,7-დან 2,4 ტრლნ დოლარამდე დააზარალებს.

„საერთაშორისო ტურიზმი 30 წლის წინანდელ დონეზეა. ჩვენ 80-იან წლებში ვიმყობებით. ბევრი საარსებო წყარო მართლაც საფრთხის ქვეშაა. გრძელვადიან პერსპექტივაში 2019 წლის მაჩვენებლების აღდგენას 2023 წელს მოველით. თავად აღდგენის პროცესი ერთგვაროვანი არ იქნება, რომელიც რეგიონისა და ქვეყნის მიხედვით იქნება ცვალებადი,“ - წერს გაერო.

UNWTO-ს შეფასებით, COVID-19-ზე ევროკავშირის ციფრული სერთიფიკატი, რომელიც ძალაში ხვალიდან შედის, დღესდღეობით „ერთადერთ რეგიონალურ ჰარმონიზაციას“ წარმოადგენს.

რაც შეეხება სატრანსპორტო კორიდორებს, გაეროში მიიჩნევენ, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილ რეგიონად რჩება. ამ ქვეყნების უმრავლესობას საზღვრები ან მთლიანად ჩაკეტილი აქვთ, ან იქ მნიშვნელოვანი შეზრუდვები მოქმედებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ