ილონ მასკის Starlink-ში ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა, 20-30 მლრდ დოლარი შეადგინოს

პროექტ Starlink-ის ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა, 20-30 მლრდ დოლარი შეადგინოს. პროექტი თანამგზავრული სისტემით მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება კომპანია SpaceX-ის (Space Exploration Technologies) დამფუძნებელმა, ილონ მასკმა გააკეთა, რომელიც ბარსელონაში, „მობილურ მსოფლიო კონგრესზე“ (Mobile World Congress, MWC) ვიდეოჩართვით სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის Starlink-ში ჩადებული ინვესტიციები 5-დან 10 მლრდ დოლარამდეა, ხოლო პროექტის განხორციელების პროცესში კაპიტალდაბანდებებმა შესაძლოა, 20-30 მლრდ დოლარს მიაღწიოს.

„სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ბევრია,“ - განაცხადა მასკმა.

SpaceX-ის ხელმძღვანელი მოელის, რომ Starlink-ის კლიენტების რაოდენობა მომდევნო წლის განმავლობაში ნახევარ მილიონს მიაღწევს.

ქსელი Starlink-ის სატელიტური თანამგზავრები ახლო ორბიტაზეა განლაგებული და თითოეულის წონა 500 კგ-ია. პირველი 60 აპარატი კომპანიამ კოსმოსში 2019 წელს გაუშვა.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ Starlink-ის სისტემით დედამიწას ინტერნეტი სექტემბრისთვის მოიცავს.

კოკა კვირკველია