ბაზარზე რეალიზებული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში არ კონტროლდება, ამიტომ ქართველებიც რისკის ქვეშ ვართ, არამარტო რუსები და უცხოელები - მოცვის მწარმოებელი

ბაზარზე რეალიზებულ პროდუქციაზე ხშირ შემთხვევაში კონტროლი არ ხორციელდება, ამიტომ ქართველებიც გარკვეული რისკის ქვეშ ვართ, არამარტო რუსები და უცხოელები. ამის შესახებ შპს „მოცვის“ დამფუძნებელმა ზვიად მირიანაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა. აღნიშნულით ის რუსეთის მიერ შემოღებულ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ ქართული ხილისთვის ევრაზიული კავშირის ბერკეტი აამოქმედა.

კერძოდ, 29 ივნისიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ. შესაბამისად, უნდა გაიცვალოს ინფორმაცია ამ სფეროს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებთან, რომლებიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო დამუშავების სფეროში სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფენ.

ამასთან, მოხდება რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის განკუთვნილი მცენარეული პროდუქციის შემოწმება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან. შემოწმება მოხდება წარმოების ადგილებში, თუ რამდენად დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების სავალდებულო მოთხოვნები.

ინფორმაციას ძირითადად ტრეიდერები ავრცელებენ, რომლებიც საექსპორტო ტვირთებს რუსეთში გასატანად ამზადებენ. ისინი ჩივიან, რომ ბაზარზე გაურკვევლობის გამო, ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია.

როგორც ზვიად მირიანაშვილმა განაცხადა, "გლობალ გეპის" სერთიფიკატი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პირველი - დავიცვათ ადგილობრივი ბაზარი საფრთხის შემცველი პროდუქციისგან და მეორე, საქართველო არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსეთის ბაზარზე.

„გლობალ გეპის" სერთიფიკატი, ეს არის სტანდარტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხრიდან კეთილსინდისიერ პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ჩვენ ზუსტად უნდა დავიცვათ ის ნორმები, რა ნორმებითაც შეიძლება უსაფრთხო იყოს ხილის და ბოსტნეულის წარმოება. შესაბამისად, უნდა ვაკონტროლოთ ის მცენარეთა დაცვის საშულებები, რომელსაც ვიყენებთ წარმოებაში. ისინი აუცილებლად იყოს რეგისტრირებული საქართველოში და ამასთან, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ დოზირება და ნარჩენი პესტიციდების პროდუქციაში, სანამ ის სამომხმარებლო ბაზარზე შევა. იმიტომ, რომ ყველა ნივთიერებას გააჩნია თავისი მოცდის პერიოდი, რომლის გასვლამდეც, არ შეიძლება პროდუქციის დაკრეფა და რეალიზაცია. მასში შეიძლება ნარჩენი იყოს იმაზე მეტი, რაც არის დაშვებული. შესაბამისად, იმ მსხვილ ფერმერებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან არა რუსულ, არამედ სხვა ბაზრებზე, აქვთ „გლობალ გეპის“ სტანდარტი დანერგილი თავიანთ კომპანიებში. ამის დანერგვა დაკავშირებულია ინვესტიციებთან და გარკვეულ მენეჯმენტთან. სწორედ ამიტომ, რიგით ფერმერი თავს არიდებს ამაში ინვესტირებას, რადგან რუსული ბაზარი არის გახსნილი და ისინი არ ითხოვენ „გლობალ გეპის“ სტანდარტით პროდუქციის შეტანას. უფრო მარტივია, არ გქონდეს ეს სტანდარტი და ისე აწარმოო. თუმცა, თუ წინ გავიხედავთ და გავთვლით იმ რისკებს, რომელიც რუსეთს უკავშირდება, მე პირადად, ჩემს კომპანიაში უკვე 3 წელია, რაც „გლობალ გეპის“ სტანდარტის აუდიტს ვატარებ. მათ შორის, ივნისის დასაწყისშიც გვყავდა აუდიტორი ჩამოყვანილი და განვაახლეთ სერთიფიკატები. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს“,- განაცხადა ზვიად მირიანაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მცირე მეწარმეებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ინფორმაცია უსაფრთხო წარმოების შესახებ, შესაბამისად, ქართული ბაზარი უკონტროლო პროდუქციითაც მარაგდება.

„გლობალ გეპის“ სტანდარტი არის საერთაშორისო, რომელიც აღიარებულია ბევრ ქვეყანაში. თუმცა საქრთველოშიც ფერმერთა ასოციაციის თაოსნობით მოხდა ქართლი სტანდარტის შემოღება. ეს სატანდარტიც მისცემს საშულებას ფერმერებს, რომ გარკვეული ინფორმაცია მიიღონ, თუ როგორ აწარმოონ სწორად, რა რაოდენობით უნდა გამოიყენონ პესტიციდები და სხვა მცენარეთა დაცვის საშულებები. თუმცა, ბევრი ფერმერი ამას არ აკეთებს. იმიტომ, რომ გარდა მსხვილისა, არიან მცირე მწარმოებლებიც, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია, შესაბამისად, არც მათი მენეჯმენტი და კონტროლი არ არის შესაძლებელი. ჩვენ რასაც ვხედავთ, ბაზარზე შემოსული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ბაზრიდან მარაგდება და მათ კონტროლი არ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ქართველებიც გარკვეული რისკის ქვეშ ვართ, არამარტო რუსები და უცხოელები. ამიტომ, კონტროლი უნდა გამკაცრდეს მწარმოებლების დონეზე. სურსათის უვნებლობის სამსახურსაც მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა ფერმერთან და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომელი ფერმერი რა საშუალებებს იყენებს და როგორ აკონტროლებს პესტიციდების ნარჩენებს თავის წარმოებულ პროდუქციაში“,- განაცხადა ზვიად მირიანაშვილმა.

ნინი ქეთელაური