„პრობლემური არ იყო კანონი, პრობლემური იყო დრო“ - გიორგი ხანიშვილი რუსეთში ამოქმედებულ ახალ კანონზე

„უკვე მივიღეთ დასტური, რომ 29 ივნისს ამოქმედებული დოკუმენტი არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის საკითხში“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ რადიო პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

გიორგი ხანიშვილის თქმით, ინფორმაციის გვიან მოწოდება, საქართველო რუსეთს შორის პირდაპირი დიპლომატიური კავშირის არარსებობამ გამოიწვია.

„ინფორმაცია დიპლომატიური არხებით მივიღეთ გასული კვირის ხუთშაბათ საღამოს. თავად ინფორმაცია, არ იყო არც შემაშფოთებელი და არც ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური ქვეტექსტები იკითხება, უბრალოდ, შემაშფოთებელი იყო დრო, ამოქმედების დროდ მითითებული იყო 29 ივნისი. დოკუმენტის მიღების შეფერხება კი გასაგები მიზეზის გამო მოხდა. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი დიპლომატიური კავშირი.

ჩვენ მოგვიწია ფორსირებულ რეჟიმში მუშაობა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ყოველთვის მყისიერად ვაყენებთ ჩვენს მოსახლეობას საქმის კურსში და ეს წარმატებით მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ახლაც. უკვე მივიღეთ დასტური, რომ 29 ივნისს ამოქმედებული დოკუმენტი არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის საკითხში და მიუხედავად გავრცელებული არასწორი ინფორმაციებისა, დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა არ შექმნია არცერთ ექსპორტიორს.

ჩვენ რა პროდუქციაც შეგვქონდა, ისევ უპრობლემოდ შედის. აქ საფრთხე იყო, ხომ არ მოხდებოდა შეფერხება 29 რიცხვში, ან ხომ არ გახდებოდა რამე დამატებითი დოკუმენტაცია საჭირო, რაც სეს-ს უნდა გაეცა. არანაირი ეს პრობლემა არ არის. მოულოდნელი და პრობლემური არ იყო კანონი, პრობლემური იყო დრო,“- განაცხადა გიორი ხანიშვილმა ,,საქმეში“.

ცნობისთვის, 29 ივნისს, ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ, რამაც ქართულ ბაზარზე გაურკვევლობა გამოიწვია.

თამარ მუკბანიანი