საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მლრდ აშშ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო - 332.8 და 127.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 573.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათასი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.