1-ლი ივლისიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 30 ივნისს, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების 43-ე ვირტუალურ მინისტერიალში.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ალბანეთის თავმჯდომარეობის დროს, კორონავირუსის პერიოდში ალბანეთის ორგანიზებით გამართული ღონისძიებები.

მინისტრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები და ეკონომიკური ზრდის გააქტიურების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები.

დავით ზალკალიანმა კოლეგებს გაუზიარა ქართული მხარის ხედვები შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის განვითარების პერსპექტივები. მათ შორის ხაზგასმით იქნა აღნიშნული რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობა, რაც წარმოადგენს BSEC-ის ქვეყნების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას.

მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის შექმნილი მძიმე მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ალბანეთს BSEC-ში თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის და 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამოხატა BSEC-ის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცლებს.