Gap ევროპაში მაღაზიებს ყიდის და ონლაინ გაყიდვებზე გადადის

ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი Gap იტალიასა და საფრანგეთში მაღაზიებს ყიდის. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ამერიკულ კომპანიაში გუშინ განუცხადეს. კომპანია ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. Gap ევროპაში, ზოგადად, ამცირებს თავის წარმომადგენლობას და ხარჯების შემცირების მიზნით ონლაინ გაყიდვებზე გადადის.

გარდა ამისა, კომპანია Gap Specialty-ისა და Gap Outlet-ის ყველა მაღაზიას სექტემბრის ბოლოსთვის დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაშიც დახურავს. ამ განცხადების შემდეგ დღიურ ვაჭრობაზე Gap-ის აქციებმა 3%-ით მოიმატა.

ბრენდ Old Navy-ის მფლობელი აცხადებს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანია Hermione People-თან და Brands-თან, რომელიც FIB Group-ის საცალო ვაჭრობის განყოფილებაა, რათა საფრანგეთში Gap-ის მაღაზიები შეისყიდონ, იტალიის მაღაზიების მყიდველ პარტნიორზე კი დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

Reuters-ის შეფასებით, ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილება განაპირობა „ევროპის ბაზარზე ისეთი დიდი კონკურენტების არსებობამ, როგორიცაა Zara და H&M, მით უმეტეს, კორონაპანდემიამ ჩვეულებრივ მაღაზიებში გაყიდვები მთელ მსოფლიოში შეამცირა“.

კომპანია Gap მსოფლიოში სიდიდით მესამე მაღაზიათა ქსელია, ესპანური Inditex-ისა და შვედური H&M-ის შემდეგ. კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბრუნოში ბაზირებული კომპანია 1969 წელს დონალდ ფიშერმა მეუღლესთან ერთად დააარსა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ