პრემიერი - ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მეტის წარმოება შეგვიძლია

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ჩვენ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში და ამ მიზნით წარმოგიდგენთ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ პირველად დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და დღეიდან თემატურ განხილვებს იწყებენ.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობა. მთავრობამ დაასრულა უკვე პირველად დოკუმენტზე სამუშაოები და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თემატურ განხილვებს. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს. ამ პრეზენტაციას ჩაატარებს ბატონი ლევან დავითაშვილი. მე მინდა მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მათ დეტალურად წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა. მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება უფრო მეტად ინკლუზიური, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას. მე მინდა ლევან დავითაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ის არის ძალიან კვალიფიციური, მაღალი პროფესიონალის მენეჯერი და მინდა მას და მის გუნდს წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.