ლევან დავითაშვილი - 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდამ ორნიშნა რიცხვი შეადგინა

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდამ ორნიშნა რიცხვი შეადგინა,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრი აღინიშნავს, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა, 3.6 მლრდ ლარი შეადგინა.

„2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.2 მლრდ ლარით (62%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 0.7 მლრდ ლარით (13%) აღემატება. 2020 წელს, პროდუქციის გამოშვების საშუალო მაჩვენებელმა, გაანგარიშებულმა სექტორში 1 დასაქმებულზე, 23.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 12.0 ათასი ლარით (102%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 2.9 ათასი ლარით (14%) აღემატება.

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა, 3.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 1.4 მლრდ ლარით (64%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 0.4 მლრდ ლარით (14%) აღემატება.

2020 წელს, დამატებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელმა, გაანგარიშებულმა სექტორში 1 დასაქმებულზე 14.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 7.5 ათასი ლარით (104%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 1.8 ათასი ლარით (14%) აღემატება.

2019 წელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 6.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.3 მილიარდი ლარით (56%), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 0.6 მილიარდი ლარით (10%) აღემატება. 2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 942 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 432 მლნ აშშ დოლარით (84.5%) აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.

2012 წლიდან 2020 წლამდე, აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მლნ აშშ დოლარიდან 265 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დაგეგმილია თანამედროვე ელექტრონული მექანიზმების განვითარება და სრულყოფა“.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, სათანადოდ აღიჭურვება საწვავის ხარისხის კვლევის ლაბორატორია, შემუშავდება საწვავის ხარისხის ნორმებთან შესაბამისობის კონტროლის სახელმძღვანელოები, ამასთან, განვითარდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გარემოში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

„შეიქმნება შიდა წყალსატევებში სამრეწველო თევზჭერის თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების ელექტრონული ონლაინ სისტემა; დონორების მხარდაჭერით, დაინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, ე.წ. „ცხელი წერტილები“ გაკონტროლდება სამეთვალყურეო კამერებით, ახალი თაობის დრონების გამოყენებით, განხორციელდება ტყის მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა უწყვეტი სწავლებები. დაინტერესებულ უწყებებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მიკვლევადობა და კონტროლი ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირების, ხე-ტყის გადამუშავებისა და რეალიზაციის ეტაპებზე.

დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი საწვავის ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უწყვეტი კონტროლი, ორგანიზებულ გაფრქვევებზე კონტროლი, გარემოს დაბინძურების ფაქტების დროული გამოვლენა და აღკვეთა, აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე - ტყეზე ზედამხედველობის, ბრაკონიერობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.

გაიზრდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები. უწყების საქმიანობას დაემატება საგამოძიებო კომპონენტი, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების საქმეების მეტად ეფექტიან და ოპერატიული გამოძიებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს.