მიხეილ ჯანელიძე: "ფორბსის" ახალი რეიტინგის თანახმად, საქართველოს რეიტინგი 10 კომპონენტიდან 6 კომპონენტში გაუმჯობესდა

"ფორბსის" მკითხველი ჩვენთვის მნიშვენლოვანი აუდიტორიაა, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც ბიზნესის კეთების კუთხით "ფორბსის" ახალ რეიტინგს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია იმ ტიპის რეიტინგები, რომლებსაც, მათ შორის, "ფორბსი" აქვეყნებს.

"ფორბსი", მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესგამოცემაა. რაც მთავარია, მისი მკითხველი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი აუდიტორია, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ინვესტორები, რომელთა გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ქვეყანაში ჩადონ კაპიტალი, მოქმედებს პოზიტიური ინფორმაციები და იმ ტიპის რეიტინგები, რომლებსაც, მათ შორის, "ფორბსი" აქვეყნებს. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის იქნება კიდევ უფრო უკეთესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, 3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მოზიდული იქნა უპრეცენდენტო რაოდენობის ინვესტიცია, რომელიც მილიარდამდე ნიშნულს აღწევს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მომავალ წელსაც", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ '"ფორბსის"'ახალ რეიტინგს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს რეიტინგი 10 კომპონენტიდან 6 კომპონენტში გაუმჯობესდა. "საქართველოს პოზიცია "ფორბსის" რეიტინგში "საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის" 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით 3 ადგილით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 47-ე ადგილი დაიკავა, ხოლო რეგიონის მასშტაბით - პირველ ადგილზეა. საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 10 კომპონენტიდან შემდეგ 6 კომპონენტში: მონეტარული თავისუფლება (პოზიცია გაუმჯობესდა 50 ადგილით და 52-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 102-ე ადგილისა), საკუთრების უფლება (პოზიცია გაუმჯობესდა 5 ადგილით და 105-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 110-ე ადგილისა), ინოვაციები (გაუმჯობესდა 3 ადგილით და 105-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 110-ე ადგილისა), ბიუროკრატია (პოზიცია გაუმჯობესდა 3 ადგილით და მე-5 ადგილი დაიკავა ნაცვლად მე-8 ადგილისა), კორუფცია (გაუმჯობესდა 3 ადგილით და 46-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 49-ე ადგილისა), პირადი თავისუფლება (გაუმჯობესდა 2 ადგილით და 67-ე ადგილი დაიკავა ნაცვლად 69-ე ადგილისა)'', - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ჯანელიძის ინფორმაციით, საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულში შედის ვაჭრობის თავისუფლების (მე-6 ადგილი) და ბიუროკრატიის (მე-5 ადგილი) კომპონენტების მიხედვით.

რეიტინგში პირველ ადგილს დანია, ხოლო ბოლოს - გვინეა იკავებს.