კახეთში ვენახების კადასტრის პროგრამაზე 20 000-მდე მევენახე ფერმერი დარეგისტრირდა

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებას და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რეგისტრაცია 20.000-მდე მევენახე ფერმერმა გაიარა.

ვენახების კადასტრის პროგრამა მიმდინარე წელს დასრულდება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მომდევნო წლებში კი, საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.

საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას, წარმოებული ღვინის და სხვა ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობასა და ხარისხის უზრუნველყოფას.

ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. დღეის მონაცემებით, რეგისტრაცია კახეთის რეგიონში 20.000-მდე მევენახე ფერმერმა გაიარა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2030 წლისთვის, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით ქვეყანა 1 მლრდ დოლარ შემოსავალს მიიღებს.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის წარმოება გაძლიერდება და მიმართული იქნება ქართული ღვინის, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებისა და სტრატეგიულ ბაზრებზე მასშტაბური რეალიზაციის ხელშეწყობისკენ. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, დაგეგმილია ახალი ბაზრების ათვისება: სამხრეთ კორეა, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა.

ღვინის კერძო ინდუსტრიასთან კოორდინაციით, 2030 წლისთვის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად და ქართული ღვინის ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის საფუძველზე, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ქვეყნისთვის 1 მლრდ დოლარს მიაღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ქართული ღვინის პოპულარიზაციას 2012 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში - ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია და გერმანია. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა თუ ფესტივალზე.

2012 წლიდან დღემდე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 1.5 მლნ ლარიდან, 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად, 2012 წლიდან დღემდე, დაახლოებით 300%-ით არის გაზრდილი ქართული ღვინის ექსპორტი. 2012 წელს, მსოფლიოს 43 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა შეადგენდა 23 მლნ ბოთლს, 2020 წლის მონაცემებით კი, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში ექსპორტირებულია 92,4 მლნ ბოთლი ღვინო.