რუსეთმა პესტიციდების კანონო შესაძლოა, პოლიტიკურ იარაღად ნებისმიერ დროს გამოიყენოს - ,,მომავლის ფერმერი“

რუსეთმა პესტიციდების კანონო შესაძლოა, პოლიტიკურ იარაღად ნებისმიერ დროს გამოიყენოს - ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა, რუსუდან გიგაშვილმა რუსეთში ამოქმედებული ახალი კანონის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ, კომენრიტებისას გააკეთა.

მისივე თქმით, ეს კანონი ამ ეტაპზე ექსპორტს საფრთხეს არ უქმნის.

,,რუსეთის მიერ დაწესებულ ნორმაზე, სურსათის უვნებლობის სააგენტომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაფერი შეიზღუდება. უბრალოდ, ზოგადად გამკაცრდა პესტიციდების კონტროლი და მოთხოვნა დოკუმენტაციაზე. თუმცა, ცხადია, არსებობს მოლოდინი, რომ ამას რუსული მხარე, ნებისმიერ დროს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს მისი ინტერესისამებრ“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს აუცილებლად ესაჭიროება პესტიციდების და აგროქიმიკატების კონტროლი.

,,მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა პესტიციდების კონტროლისთვის, სამწუხაროდ, ეს სათანადოდ არ ხდება და ზღვრულ ოდენობას დიდად აჭარბებს ქართულ მოსავალში. მაგალითად, საზამთრო და ნესვი შეიძლება 15-17-ჯერ შეიწამლოს მოსავლის მიღებამდე. ამ მხრივ, ცნობიერების პრობლემა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ამის შეცვლა აუცილებელია, არამხოლოდ რუსეთის ან სხვა საექსპორტო ბაზარზე გატანისთვის, არამედ ჩვენი ბაზრისთვისაც. პესტიციდებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმში შენელებული ნაღმი, რომელიც უამრავი დავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს, მათ შორის, ბავშვებში ლეიკემიის, სისხლის დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სხვა. ამიტომ აუცილებელია შიდა ბაზარზეც მაქსიმალური იყოს კონტროლი.

საქართველოში 1-ლი ივნისიდან, პესტიციდებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა ამოქმედდა. ჩვენ მივიღეთ ახალი რეგულაცია, რომელიც მთავარია ფურცელზე არ დარჩეს და მოხდეს აღსრულება. ამ მხრივ ჩვენ თუ გავიზრდებით, გაგვეხსნება პერსპექტივა ევროკავშირის ბაზარზეც. სწორედ ამ მიმართულებით კონტროლის არარსებობაა ევროპული ბაზრის ვერ ათვისების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სანამ არ შეიცვლება დამოკიდებულება, რომ ეს ჩემი ოჯახისთვის მომყავს და ეს გასაყიდად, მიბმული ვიქნებით რუსულ ბაზარზე. როგორც კი, ეს სარეალიზაციო და საკუთარი შვილებისთვის მოყვანილ პროდუქტს არ განვასხვავებთ, გაგვეხსნება გზა ევროპულ ბაზარზეც“, - განუცხადა გიგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს. სეს-ის განმარტებით, დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი.

თამარ მუკბანიანი